აზერბაიჯანის სახელმწიფო სააგენტო APA წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ყაზახური ნავთობის გადაზიდვა იგეგმება. კერძოდ, SOCAR განიხლავს "თენგიზის" საბადოდან მოპოვებული ნავთობის სუფსის მილსადენით გადაზიდვას. წყარო გამოცემას ასევე ეუბნება, რომ ყაზახური მხარეც დაინტერესებულია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენთან ერთად ბაქო-სუფსის მილსადენიც გამოიყენოს.
თითქმის ათთვიანი გაჩერების შემდეგ, ბაქო-სუფსის მილსადენი თებერვალში ამუშავდა, რაც თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრების გამო, ჯეიჰანის პორტის 6-დღიანმა გაჩერებამ განაპირობა.
BP-მ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება ჯერ 2022 წლის 15 მარტიდან აპრილის ბოლომდე შეაჩერა, შემდეგ კი - წლის ბოლომდე. მაშინ ბრიტანულმა კომპანიამ მიზეზად შავ ზღვაში ნავთობტანკერების უსაფრთხოების საკითხის დაასახელა.
BMG-ის მარტში BP-ში უთხრეს, რომ ნავთობსადენი ამჟამად მუშაობს, თუმცა ის მაშინ იმუშავებს, როცა ნომინაციები ექნება. აქედან გამომდინარე, ნავთობსადენის ფუნქციონირება ნომინაციებზეა დამოკიდებული და წინასწარ იმის თქმა მუდმივად იმუშავებს თუ არა, კომპანიაში უჭირთ. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას მარტის სტატისტიკა ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა თებერვლის სტატისტიკიდან ჩანს, რომ ბაქო-სუფსის მილსადენით 100 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდა.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით, თებერვალში ბაქო-თბილისი-ჯაიჰანის მილსადენის დატვირთვა შემცირებული იყო. თებერვალის თვეში საქართველოს გავლით ჯამში 2.1 მლნ ტონა ნავთობის გატარება მოხდა, მაშინ როცა იანვარში ეს მაჩვენებელი 2.5 მლნ ტონა იყო. ჯამში 2 თვეში საქართველოს დერეფანით 4.7 მლნ ტონა ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა.