მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოცდაუცველი პირების დასაქმების პროგრამით სახელმწიფო უწყებებში 20 000-მდე პირი დასაქმდა - ჯანდაცვის სამინისტრო

62f63863b52b4
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.22 15:22
1932
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 1 მარტს ამოქმედებული სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამით ამ დროისთვის 20 ათასამდე ადამიანი დასაქმდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ამ რაოდენობიდან 1000-მდე ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააგენტოებშია გაფორმებული.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში BM.GE-სთან საუბრისას განმარტავენ, რომ პროგრამის ფარგლებში დღეისთვის სახელმწიფო უწყებებში 20 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს და სახელმწიფო სსიპ-ებს გამოცხადებული აქვს ვაკანსია და სოცდაუცველები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საქმდებიან.

თავის მხრივ ამის შესახებ პრესრელიზს სოფლის მეურნეობის სამინისტროც ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებში: სურსათის და გარემოს ეროვნულ სააგენტოებში, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში, დაცული ტერიტორიების და ეროვნულ სატყეო სააგენტოებში, საქართველოს მელიორაციაში 2 160 სამუშაო ადგილი შეიქმნა. დღეისათვის, სხვადასხვა პოზიციებზე, უკვე დასაქმებულია სოციალური შემწეობის მიმღები 989 პირი, აქედან, 464 სურსათის და 75 გარემოს ეროვნული სააგენტოებში მუშაობს, 233 პირი ეროვნული სატყეო სააგენტოს, 137 დაცული ტერიტორიების სააგენტოს, 9 სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის და 71 საქართველოს მელიორაციის თანამშრომელია. მიმდინარე წლის ბოლომდე, სამინისტროს სისტემაში, დამატებით, კიდევ 1171 მოქალაქე დასაქმდება.

სოფლის მეურნეობისა და ჯანდავის სამინისტროების მიერ გავრცელებულ პრესრელიზებში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრები იმერეთის რეგიონში პროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა სამუშაო პროცესს გაეცნენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად. საზოგადოებრივი სამუშაო, ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. პროგრამის ბენეფიციარს ოთხი წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი, გარანტირებულად შეუნარჩუნდება.

ცნობისთვის: სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის დასაწყისში თქვა, რომ საქართველოს 600 ათასი სოციალურად დაუცველია, საიდანაც 200 ათასი შრომისუნარიანი მოქალაქეა. ღარიბაშვილის თქმით, ეს ადამიანები ოფიციალურ დასაქმებას დახმარების შეწყვეტის შიშით თავს არიდებენ, რაც უნდა შეიცვალოს. შედეგად, სახელმწიფო სოცდაუცველებს ოფიციალურ სამუშაოს სთავაზობს და სოცდახმარების შენარჩუნებასაც სთავაზობს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს ადამიანები საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდებიან, რომლებიც სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის იქმნება და ისეთ სამუშაოებს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.

ღარიბაშვილის თანახმად, პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 200 000 ადამიანი დასაქმდება, თუმცა პირველ ეტაპზე ვაკანსია 50 000 ადგილზე გამოცხადდება.

პროგრამის განმავლობაში დასაქმების სააგენტო უზრუნველყოფს მოსარგებლის პროფილირებას და პროფილირების საფუძველზე შესთავაზებს: საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიას, შრომის ბაზარზე არსებულვაკანსიას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, დასაქმების ფორმალიზებას. თუ შრომისუნარიანი პირი თანახმაა ერთ-ერთ შეთავაზებაზე, ოჯახს 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდება საარსებო შემწეობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ, ხოლო თუ შრომისუნარიანი პირი არ არის თანახმა შეთავაზებებზე, უარის თქმის თვიდან ერთი წლის შემდეგ განხორციელდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები