მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოცდახმარების ინდექსაციის შესახებ გახარიას პარტიის ინიციატივაზე კომიტეტმა უარი თქვა

623b31490aa7e
BM.GE
23.03.22 18:46
684
დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს პარტია "საქართველოსთვის" ინციატივა, რომელიც სოცდაუცველების შემწეობის ინდექსაციას ითვალისწინებს. საკითხი დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, საარსებო შემწეობის მოცულობა არ გაზრდილა 2014 წლის შემდგომ და ის კვლავ 30-დან 60 ლარამდე მერყეობს. კანონპროექტით, სოციალური დახმარება საწყის ეტაპზე ჯერ 10 ლარით უნდა გაიზარდოს, შემდეგ კი ყოველწლიურად ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის შესაბამისად მოიმატოს.

“2015 წლის შემდეგ ფასების საერთო დონე გაზრდილია 47%-ით. ბრინჯი გაიზარდა 113%-ით; წიწიბურა 176%-ით; ზეთზე 130%-ით. ანუ ღატაკი ოჯახის შემოსავლები, რაც არის სამომხმარებლო პროდუქტები არის გაორმაგებული,”- ამბობს ბექა ლილუაშვილი.

სხდომაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს "ქართული ოცნების" წევრებმა, ასევე ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ინიციატივას პოპულისტური უწოდა და თქვა, რომ არსებული გაურკვევლობის პირობებში მისი დაფინანსებისთვის საკმარისი ბიუჯეტი არ მოიპოვება. ზარქუა საუბრობს სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამაზეც და მიიჩნევს, რომ ამ პროგრამის შედეგების დანახვამდე სოცდახმარებების გაზრდის მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღება არაა მიზანშეწონილი.

“იმ ვითარებიდან, რაც მსოფლიოში ხდება, არ ვიცით, რა რიცხვებზე გავალთ და არ ვიცით, შეძლებს თუ არა ბიუჯეტი ამ ტვირთის გაწევას. მეორე დეტალია ის, რომ პრემიერის ინიციატივით დაიწყო ახალი სოციალური პოლიტიკის შემუშავება. მგონია, რომ რაღაც პერიოდით უნდა გამოვაცხადოთ მორატორიუმი. თუმცა, შინაგანად მხარს ვუჭერ ამ ინიციატივას. თემაა, ის თუ რამდენად არის წელს ან გაისად ამის შესაძლებლობა. მხარს დავუჭერდი ამას 2024 წლიდან. ასევე გამოჩნდება ახალი სოციალური პოლიტიკის და სოცდაუცველების დასაქმების პროგრამის შედეგები,”- აცხადებს ზარქუა.

საკითხზე პოზიცია დააფიქსირა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემაც, რომელიც ამბობს, რომ შესაბამისი სახსრები ამჟამად ბიუჯეტში არაა.

კომიტეტმა ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

საქართველოში სოცდაუცველის სტატუსი აქვს 650,000 ადამიანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები