სოფელ დიღომში მდებარე 20327 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირობიან აუქციონზე იყიდება.
ელექტრონულ აუქციონზე, რომელიც 23 აგვისტოს დაიწყო, სახელმწიფო ქონების საწყისი ფასი 6 566 000 ლარია.
საპრივატიზებო პირობა 800 მოსწავლეზე გათვლილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოწყობას ითვალისწინებს, რისთვისაც ინვესტორმა მინიმუმ 8 000 000 ლარი უნდა დახარჯოს, დღგ-ს გარეშე.
კერძოდ, ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 4 წლის ვადაში, ქონების მფლობელმა, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, უნდა უზრუნველყოს 800 მოსწავლის სწავლებაზე გათვლილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, სპორტული მოედნის/მოედნების, არანაკლებ 30 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის შექმნა და საპრივატიზებო უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გამწვანება, შესაბამისი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება, ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის მზადმყოფ მდგომარეობაში მოყვანა.
ამ ვალდებულებების შესრულებამდე, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე არ უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობების, მათ შორის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.
ამასთან, ინვესტორი ვალდებული იქნება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების დაწყებიდან არანაკლებ 30 წლის განმავლობაში, მისი პროფილი შეინარჩუნოს.
ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია 656 600 ლარია, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 10 000 ლარი. აუქციონი 6 სექტემბერს დასრულდება.