მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფიაში მასობრივი აქცია გაიმართა - რას აპროტესტებს მოსახლეობა?

ბულგარეთი

ბულგარეთის დედაქალაქში, სოფიაში მრავალათასიანი აქცია გაიმართა. მიტინგზე გამოსული მოქალაქეები 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აპროტესტებენ, რომელშიც, მათი შეფასებით, სრულად არ არის ჩაშლილი, თუ როგორ იგეგმება გადასახადის გადამხდელთა თანხების გადანაწილება. ისინი მიიჩნევენ, რომ ბულგარეთის ხელისუფლება 2026 წლის გასაწევი ხარჯების დეტალებს განზრახ არ აკონკრეტებს, რათა გაჩნდეს კორუფციული გარიგებების დადების შესაძლებლობა.

ამასთან, აქციის მონაწილეები უარყოფითად ხვდებიან სოციალური დაზღვევის შენატანის ზრდას, რაც როგორც დასაქმებულებს, ისე დამსაქმებლებს შეეხება და მოიცავს ხელფასებიდან დამატებითი თანხის დაქვითვას, რათა საპენსიო თუ სხვა საზოგადოებრივი ფონდებისთვის მეტი თანხის აკუმულირება მოხერხდეს. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს აქვთ, მომავალი წლიდან დივიდენდებზე გადასახადის დამატებითი ზრდაა.

მასშტაბური საპროტესტო გამოსვლა მალევე გადაიზარდა პოლიციასთან შეტაკებაში, რა დროსაც დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები. დემონსტრანტებმა ოფიციალური უწყებებისა და სპეცრაზმის მიმართულებით ქვები, ბოთლები და პიროტექნიკა ისროლეს. პოლიციამ კი წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

აქციების ფონზე, ბულგარეთის მთავრობის თავმჯდომარემ როსენ ჟელიაზკოვმა დადო პირობა, რომ ბიუჯეტის პროექტს შეცვლიან და მას ოპოზიციურ პარტიებთან, პროფესიულ გაერთიანებებთან და ბიზნესჯგუფებთან კონსულტაციების შემდეგ ხელახლა დააინიცირებენ.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის საბიუჯეტო პროექტი ქვეყნის ისტორიაში პირველია, რომელშიც ხარჯები ევროშია გაანგარიშებული. როგორც ცნობილია, ქვეყანა ევროს, როგორც ეროვნული ვალუტის ჩამნაცვლებლის შემოღებას უახლოეს მომავალში გეგმავს, მთავრობის მიერ მთავარი საბიუჯეტო დოკუმენტის ამ ფორმით წარდგენა კი ამ გეგმის განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები