საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობა კვალიფიციური კადრების ნაკლებობას განიცდის, რისი გადაჭრის ერთადერთი გზაც პროფესიული განათლებაა.
„ჩვენ ვხედავთ მიგრაციას რეგიონიდან, ახალგაზრდები მიდიან სხვადასხვა ქვეყნებში, შესაბამისად, მუშახელი, აგრონომი და ვეტერინარი ამ ქვეყანას ძალიან აკლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამბიცია გვაქვს, რომ გვინდა აგრარული ქვეყანა გავხდეთ. ძალიან ბევრი ვაკანსიაა სოფლის მეურნეობაში, მაგრამ კვალიფიციური კადრები არ არიან.
ერთადერთი გამოსავალი არის პროფესიული განათლება, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ახალგაზრებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ წავიდნენ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, ისწავლონ და შემდეგ დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყანას.
გასათვალისწინებელია, რომ განვითარებულ მსოფლიოში პროფესიულად გადამზადებული კადრი კვალიფიციურად ითვლება“, - აცხადებს ნინო ზამბახიძე.