მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მეურნეობაში მოსავლიანობა ტექნოლოგიებით უნდა გაიზარდოს - მარიამ ჩახვაშვილი

Galt & Taggart

Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის მარიამ ჩახვაშვილის შეფასებით, რაც უფრო მაღალშემოსავლიანია ქვეყანა, მით უფრო დაბალია მის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის სექტორის წილი. საკითხზე მან „საქმიან დილაში“ სოფლის მეურნეობის ახალი მიმოხილვის შესახებ ისაუბრა.

„ზოგადად, რაც უფრო მაღალშემოსავლიანია ქვეყანა, მით უფრო დაბალია მის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის სექტორის წილი. მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციის მიხედვით, მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი საშუალოდ 1.2%-ია, ხოლო საშუალოზე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების შემთხვევაში - 6.9%. საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნების მაჩვენებელს უახლოვდება ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის 7.0%-იანი წილით. საქართველოს წილი მშპ-ში 2012 წლიდან 2022 წლამდე შემცირებულია 9.2%-დან 7.0%-მდე. აღსანიშნავია, რომ თავად სოფლის მეურნეობის სექტორი მზარდია, წილმა დაიკლო მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ ეკონომიკა უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა. შესაბამისად, რაც უფრო მივუახლოვდებით მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ეკონომიკურ მაჩვენებელს, სოფლის მეურნეობის წილიც დაიკლებს“, - აღნიშნავს მარიამ ჩახვაშვილი

Galt & Taggart-ის სექტორის უფროსი ანალიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ დარგის ეფექტიანობა და მოსავლიანობა ტექნოლოგიებით უნდა გაიზარდოს.

"ქვეყანაში ცოდნის ნაწილში გამოცდილება ნელ-ნელა დაგროვდა. სხვადასხვა პროგრამები, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს ცოდნისა და გამოცდილების დეფიციტის აღმოფხვრას უზრუნველყოფს. თუნდაც usaid-ის პროგრამა, რომლითაც ტრენერების ჩამოყვანა და სწავლებაა გათვალისწინებული. გასვლითი სეანსებია იმისთვის, რომ აღვიქვათ - რა მოთხოვნა აქვს მაგალითად ევროკავშირს, რომ იმ ბაზრებზე შევიდეთ და ა.შ. ამ მიმართულებით პროგრესი არის და ამ ყველაფერს დრო სჭირდება, რომ ყველაფერი რიცხვებზე აისახოს“, - ამბობს ჩახვაშვილი.

მისივე განმარტებით, სოფლის მეურნეობაში დაბალ მოსავლიანობას შინამეურნეობების მაღალი წილი განაპირობებს.

„ცალკე ბიზნესებს რომ შევხედოთ, ამ შემთხვევაში მოსავლიანობა უფრო მაღალია. აქედან გამომდინარე იკვეთება, რომ საწარმოები მეტად უნდა გამსხვილდნენ, მეტი ტექნოლოგიური განვითარება უნდა ჰქონდეთ. შინამეურნეობებისთვის, რომლებსაც 5 ჰა-ზე ნაკლები მიწა აქვთ, ტექნოლოგიური განვითარება, მაღალეფექტიანი ჯიშების მოყვანა ბევრად რთულია. ამიტომ ვიძახით, რომ მნიშვნელოვანია კონსოლიდირება, რათა შემდგომში ეფექტიანობა გაზარდონ, რომ მოსავლიანობის საშუალო მაჩვენებელი გაიზარდოს“, - განმარტავს Galt & Taggart-ის სექტორის უფროსი ანალიტიკოსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები