“სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 წლისთვისაა მოსალოდნელი”,- ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის მინისტრმა ყაზახეთში განაცხადა. თეიმურაზ ხიშბა ქალაქ აქთაუში ტურიზმის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდა.
“2025 წელს იგეგმება სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა. დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი ქვეყნის სტუმრების შესაძლებლობებს გაზრდის, ტურისტების გეოგრაფია გაფართოვდება”, - აღნიშნა თეიმურაზ ხიშბამ.
ე.წ. ტურიზმის მინისტრმა ქვეყნებთან თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
“ამჟამად საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ბელარუსის რესპუბლიკასთან, გვაქვს უბაჟო ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი. ასევე მოუთმენლად ველით თანამშრომლობას ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან", - განაცხადა ე.წ. მინისტრმა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის ფორუმზე დასწრებაზე BMG-იმ საგარეო საქმეთა სამინისტროს სამი დღის წინ მიმართა. უწყებას "ბელარუს - აფხაზეთს" შორის თავისუფალ ვაჭრობასა და ყაზახეთში ე.წ. მინისტრის ვიზიტზე, განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
BMG ასევე დაინტერესდა, ესწრებოდა თუ არა ფორუმს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაციას წელს ყაზახეთში ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა გათვალისწინებული არ აქვს.