სომხეთი პირველად ევროკავშირის მშვიდობის ფონდისგან 10 მლნ ევროს ღირებულების სამხედრო არალეტალურ დახმარებას მიიღებს, მას შემდეგ, რაც უნგრეთმა ამ დახმარების გაცემაზე ვეტო მოხსნა. ამის შესახებ Radio Liberty-ის დიპლომატიურმა წყაროებმა განუცხადეს.
იგივე წყაროების ცნობით, "კავშირის ყველა წევრი ქვეყანა ახლა აღნიშნულ საკითხზე პოზიტიურად არის განწყობილი და მოსალოდნელია, რომ პროექტს წევრი ქვეყნების ელჩები 17 ივლისს დაამტკიცებენ, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრები - 22 ივლისს".
აღნიშნული თანხა მომდევნო 2,5 წელიწადში უნდა დაიხარჯოს საველე ჰოსპიტლის და სამხედროების დამხმარე საშუალებებისთვის.
ცნობისთვის, აპრილში, უნგრეთმა ვეტო დაადო პროექტს და მოითხოვა, რომ ევროკავშირის მშვიდობის ფონდიდან მსგავსი დახმარება აზერბაიჯანსაც უნდა გადასცემოდა. თუმცა, ბუდაპეშტის ამ მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს დანარჩენებმა და საკითხზე კომპრომისული გამოსავალი გამოიძებნა: თანხები ბაქოს გადაეცემა არა ამ ფონდიდან, არამედ სხვა წყაროების გავლით.