სომხეთი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს „მშრალი პორტის“ პროექტში თანამშრომლობას სთავაზობს. ამის შესახებ BMG-ის ერევნის ბიუროს ინფორმაციით, სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა საამიროების საგარეო ვაჭრობის სახელმწიფო მინისტრთან, თანი ბინ აჰმედ ალ-ზაიდისთან შეხვედრისას ისაუბრა. საქმე ეხება შირაკის რეგიონში „მშრალი პორტის“ მშენებლობას.
ცნობისთვის, 2024 წლის იანვარში სომხეთის საინვესტიციო კომიტეტმა აღნიშნულ პროექტს მწვანე შუქი აუნთო. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა “მშრალი პორტის” პროექტში $37 მილიონის ინვესტირებას აპირებს. ლოგისტიკური ობიექტის მშენებლობა შირაკის რეგიონის ქალაქ გიუმრიში, საერთაშორისო აეროპორტთან და რკინიგზასთან ახლოს განიხილება.
როგორც სომხური მხარე იტყობინება, მულტიმოდალური ლოგისტიკური ჰაბი მოემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს. წინასწარი გათვლებით, „მშრალი პორტი“ სომხეთის მშპ-ის 3%-ს უზრუნველყოფს.