სომხეთის IT სექტორი საქართველოსთან შედარებით 293 მილიონი დოლარით უფრო მეტ შემოსავალს აგენერირებს - ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. გასულ წელს სომხეთის შემოსავალი IT და საკომუნიკაციო სერვისების მიწოდებიდან 51%-ით გაიზარდა და მან 1.07 მილიარდ დოლარს მიაღწია.
შედარებისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალი 2023 წელს 784 მილიონი დოლარი იყო, რაც 53%-იან ზრდას წარმოადგენდა. ამის მიუხედავად, სომხეთის IT სექტორთან ჩამორჩენა თითქმის 300 მილიონი დოლარია.
ამასთანავე, სომხეთის IT სექტორში საქართველოსთან შედარებით უფრო მაღალი ხელფასებია. Armstat-ის თანახმად, სომხეთის IT და საკომუნიკაციო სექტორი 42,500 ადამიანს ასაქმებს, საქართველოს შემთხვევაში ეს 47,000-ია. თუმცა სომხეთში ამ სექტორის საშუალო ხელფასი 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით 992 ათას დრამს, ანუ 6,785 ლარს შეადგენდა. შედარებისთვის საქართველოში ამ სექტორის საშუალო ხელფასი 4,400 ლარია.
როგორც სომხეთისთვის, ასევე საქართველოსთვის IT სექტორში არსებული ბუმი მიგრაციულ ეფექტთან არის დაკავშირებული. 2021 წელს, ანუ იქამდე სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, სომხეთის ამ სექტორში 32,500 ადამიანი იყო დასაქმებული, დაახლოებით მსგავსი იყო სამუშაო ძალა საქართველოშიც და ის 30,000 ადამიანისგან შედგებოდა. შესაბამისად, ორივე ქვეყანამ ამ სექტორში ათასობით რუსი და ბელარუსი მიგრანტი მიიღო.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთს საქართველოსთან შედარებით რუსეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს, რუსული IT კომპანიებისთვის მსხვილი ოპერაციების სომხეთში გადატანა უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე საქართველოში გადატანა.
ამას თან ერთვის ისიც, რომ სომხეთის IT სექტორი უკრაინაში ომის დაწყებამდეც საქართველოსთან შედარებით უფრო მაღალ შემოსავალს აგენერირებდა, წლების მიხედვით ეს მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
სომხეთის და საქართველოს IT სექტორების საგარეო შემოსავლები 2020-2023 წლებში:
- 2020 წელი - საქართველო $74 მლნ, სომხეთი $328 მილიონი;
- 2021 წელი - საქართველო - $153 მლნ, სომხეთი $382 მილიონი;
- 2022 წელი - საქართველო - $512 მლნ, სომხეთი $711 მილიონი;
- 2023 წელი - საქართველო - $784 მლნ, სომხეთი $1,07 მილიარდი დოლარი.