სომხეთის მთავრობამ დღეს აშშ-სთან TRIPP-ის [ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის] პროექტის ფარგლებში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირების პროცესი დაიწყო.
საუბარია დოკუმენტზე, რომელსაც ხელი მოეწერა 2026 წლის 1 ივნისს ვაშინგტონში, ხოლო 4 ივნისს - ერევანში. აშშ-ის მხარდაჭერილი რეგიონული სატრანზიტო პროექტი ითვალისწინებს სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო კავშირის შექმნასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.
სომხეთის მთავრობამ საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა და შეთანხმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნა. სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში შეთანხმება რატიფიცირებისთვის პარლამენტს წარედგინება.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის განცხადებით, პროექტის სრულად განხორციელებისთვის მხარეებმა კიდევ ორი დოკუმენტი უნდა გააფორმონ - აქციონერთა შეთანხმება და პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წესდება.




























