ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) სომხეთს “ჩხრდილოეთი-სამხრეთის” მაგისტრალის მშენებლობისთვის 137 მლნ ევროს მოცულობის სესხს გამოუყოფს. აღნიშნულ პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი EBRD-თან ერთად აფინანსებს. ამჟამად საუბარია სისიან-კაჯარანის მონაკვეთზე (მეოთხე ტრანში), რომლის სიგრძეც 24.25 კმ-ია. აღნიშნულ საკითხზე სომხეთში ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაციამ შეხვედრა გამართა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესა და გზების დეპარტამენტის ფონდის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ლანჯიკი-გიუმრის 23-კილომეტრიანი გზის (ტრანში 3 ჩრდილოეთ-სამხრეთის) მშენებლობის პროცესი, რომელიც დასკვნით ეტაპზეა და გიუმრის შემოვლითი გზის (ტრანში 5) მშენებლობის საკითხი.
ცნობისთვის, „ჩრდილოეთ-სამხრეთი“ არის ყველაზე მსხვილი საინვესტიციო სატრანსპორტო პროექტი დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში. მისი მშენებლობა 2009 წელს დაიწყო, რომლის მიზანი იყო ქვეყნის სამხრეთის ჩრდილოეთთან დაკავშირება, რაც შექმნის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ტვირთის უწყვეტ გადაზიდვას სპარსეთის ყურედან შავ ზღვამდე.
მიუხედავად პროექტის მნიშვნელობისა სომხეთისთვის, "ჩრდილოეთ-სამხრეთი" ძალიან ნელა შენდება. ავტომაგისტრალის მშენებლობა 2019 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დროისთვის მარშრუტის სიგრძის მხოლოდ 5-6%-ია ექსპლუატაციაში შესული.
სომხეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ავტომაგისტრალის მშენებლობა 8-9 წელიწადში დასრულდება.