დღეიდან 10 დღით სომხეთს რუსული გაზის მიწოდება შეუწყდება. მიზეზი მაგისტრალურ გაზსადენზე, რომელიც საქართველოზე გადის, სარემონტო სამუშაოებია. ინფორმაციას Gazprom Armenia აქვეყნებს.
„16 სექტემბრის 9 საათიდან 26 სექტემბრის 9 საათამდე მაგისტრალურ მილსადენ „ჩრდილოეთ კავკასია - ამიერკავკასია“-ზე სტავროპოლის ოლქის ტერიტორიაზე გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო სომხეთს აღნიშნული მილსადენით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება“, - აღნიშნავენ კომპანიაში.
აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი აირით მომარაგება სომხეთში შიდა რეზერვებიდან და ირანიდან დამატებითი გაზის მიწოდებით მოხდება.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდების დროებით შეწყვეტის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია 24 ივლისსაც გაავრცელა. მაშინ მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე მილსადენის საგანგებო აღდგენით სამუშაოები იყო და მიწოდება 24-26 ივლისს შეწყდა.




























