მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოტბის აუქციონზე კონიაკის ბოთლი 52 500 დოლარად გაყიდა

60586f10b5bab
თათია კაკიაშვილი
22.03.21 22:20
1411

D’ussé-ს პრემიუმ კლასის კონიაკის ბოთლი სოტბის აუქციონზე 52 500 დოლარად გაიყიდა. ის ერთ-ერთია იმ 50 ბოთლიდან, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს რეპერ ჯეი ზის დაბადების დღის აღსანიშნავად შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა. ინფორმაციას Forbes ავრცელებს.

სოტბის აუქციონზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კონიაკი ბროლის ჭურჭელში იყო მოთავსებული, რომელსაც ჯეი ზის ავტოგრაფი აქვს ამოტვიფრული. ამასთან, ბოთლის ზედა ნაწილი 24-კარატინიანი ოქროთია მოპირკეთებული. აუქციონი დარეზერვების გარეშე ჩატარდა და სატენდერო წინადადებების საწყისი თანხა 1 დოლარი იყო. სოტბის აუქციონზე შეკრებილებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ ბოთლი 24 000-დან 75 000 დოლარამდე შეფასდებოდა. საგულისხმოა, რომ მთლიანი თანხა ჯეი ზის საქველმოქმედო - შონ კარტერის ფონდში გადაირიცხა, რომელიც სოციალურად დაუცველ ბავშვებს განათლების მიღებაში ეხმარება.

მუსიკოსი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანია “ბაკარდისთან” ერთად D'ussé-ს ბრენდის თანამფლობელია. თუმცა, D’ussé არ არის ერთადერთი ალკოჰოლური ბრენდი, რომელსაც ჯეი ზი ფლობს. რეპერის სახელთან არის დაკავშირებული შამპანურის ბრენდი Armand de Brignac-ი, თუმცა, როგორც ცნობილია, თებერვალში მან კომპანიის ნახევარი გაყიდა. გარიგების დეტალების გაუხმაურებლობის ფონზე, ამერიკულმა Forbes-მა მაინც მოახერხა და შეიტყო, რომ ალკოჰოლური ბრენდის ღირებულება 600 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ჯეი ზი Tidal-ის მუსიკალური სტრიმინგის მფლობელიც გახლდათ, სულ ახლახან კი, მარტის დასაწყისში, რეპერი დათანხმდა მომსახურების მიყიდვას Square-სთვის, რომელიც Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის მფლობელობაშია. ამ გარიგებით, რეპერმა 297 მილიონი აშშ დოლარი ნაღდი ფულით მიიღო და მასთან ერთად მოიპოვა აქციების ნაწილი, რითაც Square-ის დირექტორთა საბჭოს შეუერთდა. 

ამერიკული Forbes-ის მიხედვით, ეს ორი გარიგება ჯეი ზისთვის საკმაოდ სარფიანი გამოდგა და რეპერის ქონება $1 მილიარდიდან $1.4 მილიარდამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები