მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB/B დონეზე შეუნარჩუნა

სტანდარტ ენდ ფუერსი რეიტინგი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო გრძელვადიანი რეიტინგი ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში BB დონეზე შეუნარჩუნა, პროგნოზი კი „სტაბილურია“.

როგორც სააგენტოს ოფიციალურ ვეგბვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოკლევადიანი რეიტინგიც B დონეზე რჩება.

„მიმდინარე წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის შენელების ჩვენი პროგნოზების მიუხედავად, ტურიზმი, იმიგრაცია და ფინანსური შემოდინებები ძირითადად რუსეთიდან ხელს შეუწყობს რეალური მშპ-ს ზრდის მაჩვენებლის 6.1%-ზე შენარჩუნებას, ეს კი დაეხმარება ქვეყნის ფისკალურ და საგადამხდელო ბალანსს“, - აღნიშნულია სააგენტოს რელიზში.

გარდა ამისა, S&P Global Ratings მიუთითებს, რომ „სტაბილური პერსპექტივა“ საქართველოს უწყვეტ ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ასახავს, ისევე როგორც ბოლოდროინდელ ძლიერ ფისკალურ და საგადახდელო ბალანსს, რასაც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო მომდევნო 12 თვის განმავლობაში მოელის. „ამას აბალანსებს ქვეყნის შედარებით სუსტი საგარეო პოზიცია საფონდო ბაზაზე და რისკი იმისა, რომ მომავალში პოლიტიკის შემუშავების პროგნოზირებადობის შესაძლო შესუსტებამ, შეიძლება შეარყიოს ზრდის პერსპექტივები გრძელ ვადაში, ამასთან, ჩვენ ვაერთიანებთ რეგიონში გაზრდილ გეოპოლიტიკურ რისკებს, რომლებიც, ვვარაუდობთ, რომ მომდევნო წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება“, - წერია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ რელიზში.

სააგენტო განმარტავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, მიგრანტთა შემოდინებამ საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი. 

როგორც S&P Global Ratings-ი აღნიშნავს, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წელს, დარჩება ძლიერი - 6.1%-მდე მაჩვენებელზე, იმიგრაციისა და ფინანსური ნაკადების ფონზე, მაშინ როცა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 10.1% იყო.

„თუ 2023 წლის შემდგომ პროგნოზებს შევხედავთ, საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები ძირითადად დადებითია, მაგრამ არსებობს რისკები. რომელი მიგრანტები აირჩევენ საქართველოში დარჩენას, გაურკვეველია, თუმცა მათთვის ალტერნატიული მიმართულებების ნაკლებობა და რუსეთში შიდა პოლიტიკური რისკის არსებობა, სავარაუდოდ, მათ საქართველოში უფრო დიდხანს დატოვებს. უფრო მეტიც, ომის შემდგომი ესკალაცია და გლობალურ და ევროპულ ეკონომიკაზე მასთან დაკავშირებული შედეგები, შეიძლება საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზეც აისახოს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ველოდებით, რომ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა საშუალოდ 2026 წლამდე შედარებით მაღალი - 4.8% იქნება“, - წერს სააგენტო.

S&P Global Ratings ასევე ყურადღებას ამახვილებს 2023 წლის ივნისში პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილ ცვილებებზე, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სებ-ის პირველი ვიცეპრეზიდენტის პოზიცია. საერთაშორისო სააგენტოს მიაჩნია, რომ ახალმა თანამდებობამ შესაძლოა პოტენციურად საფრთხე შეუქმნას ცენტრალური ბანკის ავტონომიას საშუალოვადიან პერსპექტივაში.

"ცენტრალური ბანკის კანონში ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა შესაძლოა შეარყიოს საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ავტონომია და პოლიტიკის შემუშავების ლანდშაფტი გაართულოს“, - მიიჩნევს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო.