მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეციალურად არ წარმოადგინოთ კანდიდატი, რომელიც მიუღებელი იქნება - კვიჟინაძე პრეზიდენტს მიმართავს

6486dd9bf27ca
ინგა მურუსიძე
12.06.23 12:57
465
სტატიაში საუბარია:
ისე ნუ გააკეთებთ [პრეზიდენტს], რომ სპეციალურად წარმოადგინოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც მიუღებელი იქნება, ჯობია გაიმართოს კონსულტაციები, - ამ სიტყვებით მიმართავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატები უნდა წარადგინოს.

„მე მაინც გამოვხატავ იმედს და მივმართავ პრეზიდენტს, რომ კონსულტაციის გარეშე არ გამოვიდეს ისე, რომ გაღრმავდა დაპირისპირება, ჩავარდა კანდიდატურა და ა.შ. არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ ვიდავოთ, მინდა, ვითანამშრომლოთ და ვიმუშაოთ ერთად. ისე ნუ გააკეთებთ, რომ სპეციალურად წარმოადგინოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც მიუღებელი იქნება, ჯობია გაიმართოს კონსულტაციები“, - მიმართავს კვიჟინაძე პრეზიდენტს.

„ჩვენ ხომ ევროპისკენ მივდივართ? დასავლეთისკენ, ყველგან კონსენსუსი და ყველგან შეთანხმებაა. ამერიკაში, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და რომელიც მთელ მსოფლიოში დემოკრატიის დამცველია, დაწყებული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარით, დამთავრებული ელჩით, პრეზიდენტი კანდიდატებს წარუდგენს პარლამენტს და ხდება დამტკიცება, თუმცა მანამდე მიმდინარეობს შეთანხმება. ყველგან ასე ხდება, არც კი წარადგენენ ისეთ კანდიდატურებს, რომლებზეც წინასწარ იციან, რომ ჩავარდება. ეს ელემენტარულია.

ახლა რომ პრეზიდენტმა კატეგორიულად მიუღებელი პიროვნება, მაგალითად, რომელიმე რევოლუციის მომხრე წარადგინოს, როგორ ფიქრობთ, მხარს დავუჭერთ? ეს უნდა მოხდეს შეთანხმების საფუძველზე და ამაში არც სამარცხვინოა რამე და არც მიუღებელი. ეს უნდა იყოს მოლაპარაკებების საგანი“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

აქვე დეპუტატმა უპასუხა განცხადებებს იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, სებ-ის პრეზიდენტად თავისი კანდიდატურა დანიშნოს.

„თქვენიანი, თქვენიანიო იძახით, რას ეძახით ჩვენიანს? ორი პრეზიდენტი [საქართველოს] ავირჩიეთ და ჩვენი არცერთი არ იყო. ჩემს რაიონში სამჯერ ჩამოვიარე ყველა სოფელი, რომ მხარი დაგვეჭირა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისთვის. და თქვენ ახლა გინდათ ავირჩიოთ ბანკის პრეზიდენტი, რომელიც 7 წლით ირჩევა და მოხსნის არავითარი შანსი არ არის, ფიქრობთ, რომ ვისაც დავნიშნავთ გარანტირებულად 7 წელიწადი ივლის „ქართული ოცნების“ ჭკუაზე? არაფრისგან ნუ შევქმნით პრობლემას. ყველა უწყებაში ასეა, პირველი პირი არსებობს, თუ ის ვერ ასრულებს მოვალეობას, ამას აკეთებს მოადგილე - ეს იცვლება აქაც“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

შეგახსენებთ: დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო განიხილა. კომიტეტმა შენიშვნები არ გაიზიარა.

კანონპროექტს ეროვნული ბანკის შესახებ პრეზიდენტმა ვეტო 23 თებერვალს დაადო. სალომე ზურაბიშვილი განმარტავდა, რომ "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებული არ იყო.

რაც შეეხება თავად ცვლილებებს, ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. ცვლილებების პროექტის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლება. ახალი კანონი ეროვნულ ბანკთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გააკრიტიკა.

თუმცა, გასულ კვირას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ჯეიმს ჯონი გასული კვირის მიწურულს ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემა „ანალიტიკას" გამოეხმაურა, რომელიც ეროვნული ბანკის საკითხს მიეძღვნა. IMF-ის წერილობით განმარტებაში, რომელიც „ანალიტიკამ“ მიიღო, აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდი გაოგნებულია პარლამენტის განცხადებით, რომ ის აპირებს, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და დაამტკიცოს ის ცვლილებები, რაც სსფ-ის მოსაზრებით, დააზიანებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები