2025 წლის 9 თვის მონაცემებით, სპირტიანი სასმელების ექსპორტი საერთაშორისო ბაზარზე ღვინის გაყიდვებს აღემატება. ამგვარად, ქვეყნისთვის უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგში სპირტიანმა სასმელებმა 3.9%-იანი წილით მესამე, ქართულმა ღვინომ კი 3.7%-იანი წილით მეოთხე ადგილი დაიკავა.
გასული წლის ამავე პერიოდში ალკოჰოლური სასმელების გადაზიდვებში ღვინო ლიდერობდა და რეიტინგშიც რეექსპორტირებული ავტომობილების შემდეგ მეორე ადგილზე იყო. ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს ისიც, რომ წელს ორივე დასახელების ალკოჰოლური სასმლის გაყიდვები შემცირებულია, თუმცა ღვინის უფრო მეტად.
ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის შემცირება, პროდუქტის ძირითად საექსპორტო ქვეყანაში - რუსეთში გადაზიდვების შემცირებით არის განპირობებული. ეს გარემოება შეიძლება იმით აიხსნას, რომ ამ ბაზარზე ღვინისა და სხვა ალკოჰოლურ სასმლის იმპორტზე 2024 წლის მაისიდან ბაჟია დაწესებულია. აღსანიშნია ისიც, რომ მომავალი წლიდან რუსეთში ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის გაზრდასაც გეგმავენ, რაც რუსი ექსპერტების შეფასებით, ყველაზე მეტად ქართულ ღვინოზე აისახება.
ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა
წლების განმავლობაში ქართული ღვინო, ქვეყნისთვის ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საქონელია, რომელიც ადგილობრივად იწარმოება. 2025 წლის 9 თვეში ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 11.5%-ით 189.8 მლნ დოლარამდე შემცირდა, თუმცა ყურძნის ნატურალური ღვინოები კვლავ ძირითად საექსპორტო პროდუქტების ჩამონათვალშია. როგორც აღვნიშნეთ, ღვინის ექსპორტის კლება რუსეთში გადაზიდვების შემცირებამ განაპირობა. წელს 9 თვის განმავლობაში ამ მიმართულებით 120 მილიონი დოლარის ღირებულების 43 403 245 ლიტრი ღვინო გაიყიდა. ეს კი ქართული ღვინის ექსპორტის 63.3%-ია.
სხვა მთავარ საექსპორტო ქვეყნებს რაც შეეხება, ქართული ღვინის გაყიდვები ასევე შემცირებულია ყაზახეთში, აშშ-სა და გერმანიაში. ექსპორტის მაჩვენებლები TOP-10 ქვეყნის მიხედვით კი ასეთია:
- რუსეთი - $120.1 მლნ, 43 403 245 ლიტრი;
- პოლონეთი - $12.5 მლნ, 5 070 382 ლიტრი;
- უკრაინა - $9.9 მლნ, 2 579 577 ლიტრი;
- ჩინეთი - $6.9 მლნ, 2 179 327 ლიტრი;
- ყაზახეთი - $6.7 მლნ, 2 040 886 ლიტრი;
- ბელარუსი - $5.8 მლნ, 2 090 843 ლიტრი;
- აშშ - $4.5 მლნ, 726 011 ლიტრი;
- გერმანია - $4.2 მლნ, 896 256 ლიტრი;
- ლატვია - $3.4 მლნ, 903 271 ლიტრი;
- ლიეტუვა - $1.8 მლნ, 537 100 ლიტრი.
სპირტიანი სასმელები
სპირტიანი სასმელები წელს 9 თვეში საექსპორტო პროდუქტის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს და ღვინის ექსპორტით მიღებულ შემოსავლებს გადაასწრო. თუმცა მათი ექსპორტი 4.7%-ით 200 მილიონ 719 ათას დოლარამდე შემცირდა. თუ ღვინის გადაზიდვების კლება ძირითადად რუსეთში შემცირებული ექსპორტით იყო განპირობებული, სპირტიანი სასმელების შემთხვევაში, გაყიდვები რამდენიმე უმსხვილეს ქვეყანაშია შემცირებული.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტი შემცირებულია რუსეთში, სომხეთში, უკრაინაში, ბელარუსსა და საფრანგეთში. უმსხვილეს ბაზრებს შორის კი სინგაპურში, ლატვიაში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში მცირედით გაზრდილია.
სპირტიანი სასმელების TOP-10 საექსპორტო ქვეყანა:
- რუსეთი - $108.7 მლნ, 16 908 104 ლიტრი;
- სომხეთი - $31.9 მლნ, 5 545 839 ლიტრი;
- უკრაინა - $13.3 მლნ, 2 870 005 ლიტრი;
- ბელარუსი - $7.9 მლნ, 1 047 551 ლიტრი;
- სინგაპური - $6.8 მლნ, 58 882 ლიტრი;
- საფრანგეთი -$6.1 მლნ, 1 983 475 ლიტრი;
- აზერბაიჯანი -$6.1 მლნ, 173 391 ლიტრი;
- ლატვია - $3.5 მლნ, 334 824 ლიტრი;
- ყაზახეთი - $2.5 მლნ, 205 978 ლიტრი;
- ყირგიზეთი - $2.4 მლნ, 98 077 ლიტრი.




























