მოახლოვდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე – 2024 წლის 26 მარტს, საღამოს 21:00 საათზე თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ეს ისტორიული მატჩი გადავსებულ სტადიონზე გაიმართება და განსაკუთრებულად დამუხტული ატმოსფერო განსხვავებული თამაშის ტემპის, რიტმისა და განწყობის საწინდარი იქნება ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებისთვის.
როგორია გულშემატკივრის განწყობა, რას მოელიან, რისი ეშინიათ და რა აღაფრთოვანებთ ყველაზე მეტად მოახლოებული მატჩის წინ – საკუთარი მოლოდინების შესახებ სპორტის ფოტოგრაფი და საქართველოს ნაკრების გამორჩეული ქომაგი, ლაშა კუპრაშვილი გვესაუბრება:
“ამ დღეს ძალიან დიდი ხანია ველოდები, რა თქმა უნდა, თამაში რაც უფრო ახლოვდება, მოლოდინი და დაძაბულობა მით უფრო მატულობს. არ მინდა ამ მნიშვნელოვან თამაშებში გამომრჩეს რაიმე მნიშვნელოვანი მომენტი, მხოლოდ კარგ შედეგს ველი და მჯერა, რომ ისტორიული ამბის მომსწრე და მონაწილე ვიქნები“.
ლაშა კუპრაშვილი თამაშებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება, გულშემატკივრობასთან ერთად უწევს კამერასთან აქტიურად იმუშაოს, რათა მაყურებელს ისტორიული კადრები შემოუნახოს:
„რაც ეროვნული ჩემპიონატი განახლდა, ვცდილობ, მაქსიმალურად მეტ თამაშს დავესწრო. მეც ფორმაში ვიყო ისევე, როგორც ნაკრების ფეხბურთელები. წინასწარ გავტესტე დისტანციური კამერის რამდენიმე პოზიცია და რაკურსები, უკვე კადრებად მაქვს წარმოდგენილი, როგორ შეიძლება გადავიღო ევროპაზე გასვლის ემოციები. ჩემთვის ეს ყველაფერი ერთი დიდი სიამოვნებაა, ამასთან ერთად, ძალიან საპასუხისმგებლოც. ძალიან საინტერესო პროცესია, როცა ცდილობ, ყველა ფეხბურთელს განსაკუთრებული და სახასიათო რაღაც მოუნახო, მათთვის დამახასიათებელი დეტალი. ზოგს თამაშის წინა რიტუალი აქვს, ზოგი გამორჩეულად აღნიშნავს გოლს. ასე, უბრალოდ სტადიონზე მისვლა და კამერის ხელში დაჭერა მარტივია, თუმცა, ნაკრების ფოტოგრაფობა ეს არ არის. რაც ყველაზე განსაკუთრებულია, კადრი, რომელსაც იჭერ, მხოლოდ იმ კონკრეტულ მომენტში ხდება და ის აღარასდროს განმეორდება. არ გაქვს უფლება, იქ, იმ მომენტში გულშემატკივარი იყო და ემოციებს აჰყვე, თორემ ის განსაკუთრებული მომენტი აუცილებლად გამოგეპარება“.
პანდემიის პერიოდისგან განსხვავებით, წელს ნაკრები სავსე სტადიონზე ითამაშებს, როგორც ლაშა გვეუბნება, გულშემატკივრების მუხტს და ქომაგობას თამაშის ტემპის შეცვლა მთლიანად შეუძლია:
„ფოტოგრაფის თვალით დანახული ცარიელი ტრიბუნები საშინელებაა. ძალიან არ მიყვარს, როდესაც ფოტოებში ცარიელი ტრიბუნები ჩანს. გულშემატკივრის გამხნევებას, გვერდში დგომას, ტრიბუნიდან შეძახილებს ზოგჯერ ისეთი მუხტი მოაქვს, რომ სიტყვებით ვერც გადმოვცემ. ყველაზე კარგი მაგალითი კოვიდის რეგულაციების გამო დაცლილი სტადიონია, ჩემთვისაც კი ეს თამაშები ჩვეულებრივ ვარჯიშს ჰგავდა. ფაქტობრივად, გულშემატკივრის ემოციები და ხმაურია ის, რაც თამაშს მნიშვნელობას და დრამატიზმს სძენს. დარწმუნებული ვარ, ამ თამაშებშიც ქართველი გულშემატკივარი დიდ როლს ითამაშებს“.
ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ 26 მარტს და წარმოუდგენელი მნიშვნელობის თამაშს – სავსე ტრიბუნები, ოპტიმალურ შემადგენლობასა და ტაქტიკურ განლაგებასთან ახლოს მდგარი ეროვნული ნაკრები, სრული მობილიზება, კონცენტრაცია... მარტის მერე ქართული ფეხბურთი უნდა გახდეს სხვანაირი – დაიწყოს ახალი ფურცლიდან, განვითარდეს და არ გაჩერდეს.