მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სსიპ-ი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას ხარჯავს, მაგრამ - რაში, უცნობია

5da747545cc6d
დავით ჯალაღონია
17.10.19 09:45
5839
რვა თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო შეიქმნა. ამ სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი მსხვილ პროექტებში სახელმწიფოს თანამონაწილეობის განსაზღვრა და პროექტების თანადაფინანსების რისკების შეფასებაა. 

BM.GE სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსანდრე რევიას ჩასაწერად მთავრობის კანცელარიას დაუკავშირდა, რათა ინტერვიუს ფორმატში გაერკვია, სახელმწიფოს ჩართულობით, კონკრეტულად რა პროექტებს განიხილავს პრემიერის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თუმცა მთავრობის კანცელარიასთან ინტერვიუს შეთანხმება ამ ეტაპზე ვერ მოვახერხეთ.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, აღნიშნული უწყებისთვის 500 ათასი ლარია გამოყოფილი, საიდანაც 8 თვეში, 140 ათასამდე დაიხარჯა, თუმცა რაში - უცნობია.

როგორც აღმოჩნდა, ამ სააგენტოს საქმიანობის დეტალები უცნობია არა მხოლოდ მედიის, არამედ თავად ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა ამ სააგენტოს არაეფექტურ საქმიანობაზე გასული კვირის ბოლოს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან გიორგი კაკაურიძესთან ისაუბრა, როცა ეს უკანასკნელი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენდა. 11 ოქტომბერს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ნინო წილოსანმა კაკაურიძეს ჰკითხა, რატომ ვერ ითვისებს დაგეგმილ, ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის ბიუჯეტს წელს დაარსებული სსიპ-ი.

"ბიუჯეტი, რაც იყო ჩადებული, ათვისებულია 25%-ით. რეალურად, არ ვიცით, არ გვაქვს ინფორმაცია, გაუგებარია ამ პროგრამის ფუნქციონირება. მე, როგორც თემატური მომხსენებელი კერძო-საჯარო თანამშრომლობაზე, ექსპერტის მონაწილეობით, რეპორტის მომზადებას ვაპირებ. შემიძლია გითხრათ, რომ ეს მიმართულება ფაქტიურად, ჩავარდა.

ბიუჯეტში ათვისება 25%-ია, ხელმძღვანელიც დაგვიანებით დაინიშნა, სააგენტოც ფაქტიურად არ ფუნქციონირებს", - განაცხადა ნინო წილოსანმა, რის შემდეგაც მას კაკაურეძ უპასუხა.

"ეს სააგენტო დღეს ფუნქციონირებს, მომდევნო წელსაც იფუნქციონირებს. ამ სააგენტოს ძირითადი ფუნქცია, თითოეული შემოსული პროექტის არგუმენტირება და ანალიზის გაკეთებაა", - აღნიშნა მან. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად BM.GE-მ თავად გიორგი კაკაურიძესაც მიმართა, რომელიც განმარტებებს სააგენტოს მოგვიანებით დაჰპირდა.

ამ სააგენტოს დაფინანსება, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ასევე 500 ათასი ლარი იქნება. ეს ხარჯები კი ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციების მწვავე კრიტიკის საგანია.

"თავის დროზე, ევროპის გაჯერებულმა და უკვე კეთილდღეობის ეკონომიკებმა ახალი მექანიზმების ძიება დაიწყეს, იმ პირობებში, როცა ეკონომიკა გაჯერდა და ჰქონდათ 1.5-2% ეკონომიკური ზრდა. ასე შემოიღეს ევროპაში ტექნოპარკები, კერძო-საჯარო პარტნიორობის სხვადასხვა ფორმატები. ეს არის გაჯერებული ეკონომიკების საბოლოო პროდუქტი, როგორც ტორტზე მარწყვის დადება, მაგრამ "ქართული ოცნების" აბსურდი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ გვაქვს ფუნდამენტი - ტორტი და ზემოდან უნდათ მარწყვის დადება. ჯერ ჩვენ გვჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა და ასეთი სააგენტოების შექმნა და ზედმეტი ბიუროკრატია, პირიქით, ეს ამცირებს ეკონომიკურ ზრდას, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი ცხოვრების განვითარების შეფერხებას, სიღარიბის ზრდას და ფასების მატებას იწვევს", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

თავის მხრივ, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე ამ სააგენტოს იმ უწყებების ჩამონათვალში ხედავს, რომელთა არსებობა მთავრობის ხარჯებს უშედეგოდ ზრდის.

"ამ ბიუროკრატიამ ქვეყანა შეჭამა. ახლახანს შეიქმნა ახალგაზრდების დეპარტამენტი, მილიონობით ბიუჯეტი აქვს; კერძო-საჯარო პარტნიორობის კუთხით რაღაც ორგანიზაცია შეიქმნა, ამბობენ, ეს ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებულიო. კი ბატონო, მაგრამ არავინ გავალდებულებს, პრემიერ-მინისტრთან რაღაც სახელმწიფო უწყება შეიქმნას - შეიძლება, ერთი ან ორი ადამიანი დანიშნონ სამინისტროში, რომელიც კურირებას გაუწევს ამ საკითხს. არავინ გვავალდებულებს დამოუკიდებელი ორგანიზაციის შექმნას. ასევე, აპირებენ რაღაც დასაქმების ხელშეწყობის დეპარტამენტის ჩამოყალიბებას და, რა თქმა უნდა, ყველას სამ-სამი და ოთხ-ოთხი ჯიპი მოსდევს, შესაბამისად - პრემიები და უზარმაზარი ხელფასები", - განაცხადა გოცირიძემ და დასძინა, რომ "ეს ქვეყანა დიდ ბიუროკრატიულ წუმპედ გადაიქცა".

საპარლამენტო ოპოზიციისგან განსხვავებით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მუშაობის შედეგებს ის ორგანიზაციაც ელოდება, რომელიც 2016 წელს სწორედ სახელმწიფოს თანამონაწილეობით დაგეგმილი პროექტების შესაფასებლად შეიქმნა. ეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ცენტრი. ამ ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნუცა სუბელიანი BM.GE-ისთან საუბრისას აღნიშნავს, რომ დიდი ხანია პრემერის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ელოდება, თუმცა ამ უწყებას არც ვებგვერდი და არც სხვა საჯარო საინფორმაციო პლატფორმები აქვს.

"ჩვენ გვაქვს კითხვები - რა პროექტები დაიგეგმა, რა უნდა განხორციელდეს. კარგი იქნებოდა რაიმე პლატფორმა, სადაც ამ ყველაფერს საჯაროდ ვნახავდით და მოხდებოდა საზოგადოებასთან შესაბამისი კომუნიკაცია, რომ არ გაჩნდეს კითხვები.

რა არის საჯარო-კერძო პარტნიორობის მთავარი არსი, ეს არის საერთაშორისო დონეზე ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა - განათლება, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და ყველა ის მიმართულება, რაც ჩვენი კეთილდღეობისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს საუკეთესო პრაქტიკაა, ეკონომიკური მოდელია, რომ სახელმწიფოს, რომელსაც იმდენი რესურსი არ აქვს, რომ ეს პროექტები ხარისხიანად განახორციელოს, კერძო სექტორი დაეხმაროს. ჩვენ, საზოგადოებამ არ ვიცით რა ნაბიჯებს დგამენ ამ მიმართულებით", - განაცხადა ნუცა სუბელიანმა.

შეგახსენებთ, რომ "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონი 2018 წლის პირველ ივლისს ამოქმედდა, ამ კანონის აღმასრულებელი სააგენტო კი 2019 წლის თებერვალში დაფუძნდა. უწყების ხელმძღვანელთან ინტერვიუს შეთანხმებას, BM.GE სამომავლოდ ისევ შეეცდება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები