მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Stanford, Oracle, UC Berkeley… - რომელ კომპანიებს წარმოადგენენ FUTURELAB-ის პარტნიორები?

ირაკლი ქაშიბაძე

ცოტა ხნის წინ, საქართველოში ახალი ვენჩურული ფონდი დაფუძნდა, რომელმაც ვექტორად, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ამერიკის შეერთებული შტატები აირჩია. ეს ფონდი FUTURELAB-ია, რომელიც პირველი ვენჩურული ფონდია ქვეყანაში, რომელიც ეროვნულ ბანკში არის რეგისტრირებული. როგორც FUTURELAB-ის მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ქაშიბაძემ “საქმიან საღამოში” განაცხადა, ფონდის მიზანი საქართველოში პერსპექტიული იდეების მქონე ადამიანების აღმოჩენა და მათთვის პირველადი კაპიტალის მიცემაა, რომლითაც ისინი პროტოტიპს შექმნიან, იდეის ვალიდაციას შეუდგებიან და პროდუქტს აშშ-ში გაიტანენ.

გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი და იქ არსებული საინვესტიციო კულტურა მეტად თავისებურია, ამ ბაზარზე მოსახვედრად და იქ წარმატების მისაღწევად შესაბამისი კონტაქტების დაგროვება არის აუცილებელი. როგორც ირაკლი ქაშიბაძემ “საქმიან საღამოში” განაცხადა, FUTURELAB-ის ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ პარტნიორების ის ბაზაა, რომელიც სილიკონის ველის არაერთ ექსპერტს აერთიანებს.

“ჩვენი ფონდი, ჯერჯერობით, ქართულ სტარტაპებზე არის ორიენტირებული და ამ პროცესში ჩვენი პარტნიორები ჩავრჩეთ, მათ შორის UC Berkeley და სტენფორდის უნივერსიტეტი. ამ უნივერსიტეტის ბაზაზე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორი - StartX-ი არის შექმნილი და მისი მენტორი ჩვენს პროგრამაში მონაწილეობს. StartX-ის პროგრამის გავლის შემდეგ საშუალო შედეგი $11 მილიონია, ანუ კომპანია, რომელიც ამ აქსელერატორს გადის, საშუალოდ, სწორედ ამ თანხას იღებს ინვესტიციის სახით.

ჩვენი ვენჩურული ფონდის პარტნიორებს შორისაა უილ დეკერიც, რომელსაც ცხრა “უინიქორნის”, ანუ $1-მილიარდიანი შეფასების მქონე სტარტაპის აღმზრდელი სტარტაპ-აქსელერატორის მართვის გამოცდილება აქვს. ამასთან, ის წამყვან პოზიციაზე იყო Plug and Play-ში, რომელიც ასევე წამყვანი აქსელერატორია. უილ დეკერი კორპორაციული ინოვაციების განვითარებაში დაგვეხმარება, რაც კომპანიებისგან თანხების მოზიდვას და მათთვის სტარტაპებისა განვითარებას გულისხმობს.

ჩვენთან ერთადაა Oracle-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მარკ ივანოვსკიც. აი, სწორედ ეს სამი ადამიანი დაგვეხმარება, რომ საქართველოდან დავიწყოთ და მოგვიანებით აშშ-ში, სილიკონის ველზე გავფართოვდეთ, რადგან იქაური ინვესტორები საინტერესო პროექტებს ეძებენ. თან, თითოეული ეს ადამიანი მზად არის თავადაც გახდეს ინვესტორი.

ჩვენი ფონდის კონკურენტული უპირატესობა ე.წ. “ჭკვიანი ფული”, სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების ექსპერტიზა და ისეთი პრაქტიკოსების გამოცდილება, რომელთაც $100-მილიონიანი სტარტაპი აქვთ შექმნილი. ესტონელი მენტორები გვყავს, რომელთაც ასევე დიდი გამოცდილება აქვთ ქვეყანაში, რომელსაც ათი “იუნიქორნი” ჰყავს. ეს ჩვენც შეგვიძლია! თუმცა მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს ისაა, რომ სტარტაპები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, ანუ არ არის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემთ სწორი მეთოდოლოგიით ისწავლონ”, - განაცხადა FUTURELAB-ის მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ქაშიბაძემ “საქმიან საღამოში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები