საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის წევრები საქართველოს პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ. სტარტაპერები დეპუტატს მიმართავენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, დოკუმენტთან დაკავშირებული გამოწვევები და საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემაზე მისი უარყოფითი გავლენა ღია დისკუსიის ფორმატში განიხილონ. სტარტაპერების ამ მოწოდებას ეკოსისტემის დიდი ნაწილი უერთდება, მათ შორის ის პირები, რომელთაც ათი დღის წინ გავრცელებულ განცხადებას ღიად დაუჭირეს მხარი.
“პარლამენტარი მარიამ ლაშხი საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემას წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად აშენებდა და პარლამენტში ის ქართულ ტექნოლოგიურ ეკოსისტემას “წარმოადგენს”. მარიამ ლაშხის პოზიცია ჩვენთვის გაუგებარია, რის გამოც, მიმდინარე კვირაში, მისთვის სასურველ დროსა და ადგილას მასთან შეხვედრას ვითხოვთ, რათა საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით პასუხი გაგვცეს და განგვიმარტოს, თუ რატომ არ დააზიანებს ეს კანონი და მიმდინარე პროცესები ქვეყანას და მათ შორის, ქართულ სტარტაპ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემას”, - აცხადებენ სტარტაპები.
შეგახსენებთ, რომ მარიამ ლაშხი ექვსი წლის განმავლობაში იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. ასევე, სამი წლის განმავლობაში მუშაობდა “მსოფლიო ბანკში” და ჩართული იყო სააგენტოს შექმნის პროცესშიც.