მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Step Inn Kazbegi: ჯავშნების გაუქმების გამო, დღეში ათასობით ლარის დანაკარგი გვაქვს

სტეპ ინ ყაზბეგი

ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები "რუსული კანონის" და მასთან დაკავშირებული პროტესტის ეფექტს უკვე გრძნობენ, ეს გავლენა კი ჯავშნების გაუქმებაში გამოიხატება. ეს ვრცელდება, როგორც ინდივიდუალურ ჯავშნებზე, ასევე საქმიან ტურიზმზე. სასტუმრო ბიზნესი განმარტავს, რომ, მაგალითად, კონფერენციების ნაწილში, ზოგიერთი ღონისძიება ან სრულად გაუქმდა, ან გადაიდო. სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები ამ პერიოდს, ტურიზმისთვის ყველაზე რთულ და კრიტიკულ - პანდემიურ წლებსაც ადარებს. ახლაც, როგორც მაშინ, გაურკვევლობაა. კერძო სექტორს სამომავლო პროგნოზების გაკეთება უჭირს.

ტურისტების სიფრთხილე აისახა ბიზნესის შემოსავლებშიც. როგორც ყაზბეგში მდებარე სასტუმროს Step Inn Kazbegi-ს დამფუძნებელი ანი ალიბეგაშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, ჯავშნები ყოველდღიურად უქმდება, საუბარია დღეში დაახლოებით 7-10 ნომერზე, შედეგად, მისივე თქმით, Step Inn Kazbegi დღეში დაახლოებით 5000-დან 8000 ლარამდე კარგავს.

„ნებისმიერი პროცესი ტურიზმზე ძალიან მკვეთრად და მყისიერად აისახება, თუ სხვადასხვა ტიპის ბიზნესს შედეგების დასანახად შესაძლოა დრო სჭირდებოდეს - ტურიზმისთვის ეს მალევე თვალშისაცემია.

ყოველდღიურად გვიუქმდება ჯავშნები. საშუალო მაჩვენებელი 7-დან 10 ნომრამდეა. ძალიან ხშირად გვწერენ ტურისტები და გვეკითხებიან რამდენად ახლოს არის ყაზბეგთან ის ტერიტორია, სადაც მანიფესტაციები იმართება, რამდენად უსაფრთხოა ეს მათთვის.

ფინანსურ დანაკარგზე საუბარი რთულია, თუმცა დღეში ჩვენი ბიზნესი დაახლოებით 5000-8000 ლარამდე დანაკარგს ნახულობს, თუ გაუქმებული ჯავშნების გადაჯავშნა და მათი ჩანაცვლება სხვა ბაზრებიდან არ მოხდება.

აპრილის თვიდან საკმაოდ კარგ ტურისტულ სეზონს ველოდით, გაზრდილი იყო დამსვენებელთა რიცხვი. აღმოსავლეთის ქვეყნებიდან გვყავდა ბევრი დამსვენებელი, ასევე გერმანიიდან და პოლონეთიდან", - განაცხადა ანი ალიბეგაშვილმა.

რაც შეეხება მოლოდინებს, სასტუმროს დამფუძნებელი ამბობს, რომ "მძიმე სეზონს" ელოდება.

"ზამთარი საკმაოდ რთული იყო, ზაფხულიც იმავენაირად რთული იქნება, ეს პროცესიც საშუალოვადიან პერიოდში არ დასრულდება“ - აღნიშნავს ანი ალიბეგაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები