მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტოლტენბერგი თანამდებობას კიდევ ერთი წლით, 2024 წლამდე შეინარჩუნებს

64a5267cc3d35
მარიამ ვარადაშვილი
05.07.23 12:32
466
NATO-ს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ იენს სტოლტენბერგი ალიანსს კიდევ ერთი წლით, 2024 წლამდე უხელმძღვანელებს. მოქმედი გენერალური მდივნისთვის ვადის გახანგრძლივების შესახებ ინფორმაციას მანამდე Politico ავრცელებდა.

როგორც სტოლტენბერგი ტვიტერზე წერს, ალიანსის წევრების გადაწყვეტილება მისთვის დიდი პატივია:

“ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა თითქმის 75 წელია თავისუფლებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უფრო მეტად საშიშ მსოფლიოში მსგავსი ალიანსი ისეთი საჭიროა, როგორც არასდროს”.

როგორც Politico წერს, NATO-ს ვილნიუსის სამიტამდე ერთი კვირით ადრე ამ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს, რამდენად პოლიტიკურად სენსიტიური ვითარებაა ალიანსისთვის შექმნილი და როგორი რთულია წევრი სახელმწიფოებისთვის ისეთი კანდიდატის პოვნა, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. გამოცემა ასევე წერს, რომ წინა თვეებში ალიანსი არაფორმალურად რამდენიმე კანდიდატს, მათ შორის დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს განიხილავდა.

სტოლტენბერგი, ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნატოს შტაბ-ბინას 2014 წლიდან უდგას სათავეში. მისი კანდიდატურა გენერალური მდივნის პოსტზე გერმანიის მაშინდელმა კანცლერმა ანგელა მერკელმა წარადგინა. ის ალიანსის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ვადით მოქმედი თავმჯდომარეა და მას მხოლოდ ჯოზეფ ლანსი უსწრებს, რომელიც NATO-ს 1971-დან 1984 წლამდე ხელმძღვანელობდა. მანამდე მედიაში ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სტოლტენბერგი გენერალური მდივნის თანამდებობის დატოვების შემდეგ ნორვეგიის ცენტრალურ ბანკს ჩაუდგებოდა სათავეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები