სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება ე.წ უწყვეტი სამედიცინო განათლების ქულებთან დაკავშირებით 2025 წლის პირველ მარტამდე შეჩერდა.
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის დადგენილებით, 2024 წელს მოპოვებული ქულების შემოწმება 2025 წლის 1 მარტიდან დაიწყება. ამას გარდა, პირველ მარტამდე შესაძლებელია 2024 წელს მოსაპოვებელი ქულების შევსებაც, თუმცა აღნიშნული ქულები არ იქნება ჩათვლილი 2025 წელს მოსაპოვებელი ქულების ჯამურ რაოდენობაში.
"დაწესებულების/ერთეულის ყველა ექიმ-სპეციალისტი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად, ასევე გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის, ალერგიული რეაქციებით გამოწვეული) მართვის საკითხებზე და ყოველწლიურად აგროვებდეს არანაკლებ 20 უსგ ქულას წელიწადში", - აღნიშნულია დადგენილებაში.
სტომატოლოგებს უწყვეტ სამედიცინო განათლების (უსგ) სისტემაში ჩართვისა და ტრენინგებზე დასწრებით 20 ქულის დაგროვების ვალდებულება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან უჩნდებოდათ. რეგულაციის გადავადებას წინ უძღოდა სფეროს წარმომადგენლების პროტესტი. 700-ზე მეტმა სტომატოლოგმა 2024 წლის სექტემბერში კობახიძეს განცხადებითაც მიმართეს. სტომატოლოგები ეთანხმებოდნენ უწყვეტი გადამზადების მოთხოვნებს, თუმცა მიიჩნევდნენ, რომ ამ ეტაპისთვის რთულად მისაღწევი იქნებოდა, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები ექიმებისთვის, რადგან მოთხოვნილ ტრენინგებში მონაწილეობა წლის განმავლობაში 10 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობდა, რაც რიგ შემთხვევაში სტომატოლოგიური საქმიანობის მიწისქვეშეთში გადასვლას, რიგ შემთხვევაში კი მომსახურების გაძვირება გამოიწვევდა.