მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ბორდერიზაციის პროცესით რუსეთმა ადამიანის უფლებათა კონვენცია დაარღვია

სტრასბურგის სასამართლო
09.04.24 13:55
230

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა. საქმე რუსეთის მიერ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებულ ბორდერიზაციის პროცესს უკავშირდება.

სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევას, ასევე დაადგინა კონვენციის დამატებითი პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 მუხლის (განათლების უფლება), დამატებითი მე-4 ოქმის მე-2 მუხლის (მიმოსვლის თავისუფლება) დარღვევა.

სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ბორდერიზაციის პროცესმა მისი სისტემური ხასიათიდან გამომდინარე ხელყო საქართველოს მოქალაქეთა უფლებები, რომლებიც რუსეთის მხრიდან გატაცებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებს დაექვემდებარნენ რაც არაერთი მტკიცებულებებით საბუთდება.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ კიდევ სამი საჩივარი აქვს შეტანილი. ასევე, სასამართლოში შეტანილია 200-მდე ინდივიდუალური საჩივარი საქართველოს, რუსეთის ან ორივე სახელმწიფოს წინააღმდეგ 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტთან ან „ბორდერიზაციის“ პროცესთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები