მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტრასბურის სასამართლომ საქართველოს მაჩალიკაშვილის საქმეზე €25 ათასის გადახდა დააკისრა

63c94a031f846
BM.GE
19.01.23 17:48
2252
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. განაჩენის თანახმად, მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ 2017 წელს შეტანილი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პროცედურულ ნაწილში (მაჩალიკაშვილის მკვლელობის გარემოებების არასათანადო გამოძიება) დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), თუმცა კოლეგიის წევრი მოსამართლეების უმრავლესობის აზრით, ამავე მუხლის არსებითი ნაწილი, რაც უშუალოდ იმას ეხება, გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ არასათანადო ლეტალური ძალა თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, არ დარღვეულა.

სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით 10 000, გაღებული ხარჯებისთვის კი დამატებით 15 000 ევროს გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა სარჩელი „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დახმარებით გაგზავნა. სარჩელში ორგანიზაცია დავობდა, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, სოფელ დუისში სპეცოპერაციის ჩატარებისას თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფომ გამოიყენა არაპროპორციული და გაუმართლებელი ლეტალური ძალა, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-2 მუხლს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები