ინფექციური პათოლოგიების ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინაციის კამპანია დაგვიანდა. ცერცვაძის და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების კრიტიკას, საინფორმაციო კამპანიის დაგვიანებასთან დაკავშირებით დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა.
„გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცოდით ვაქცინის შემოსვლის ზუსტი თარიღი და სახეობა, აგრესიული კამპანია რისკს შეიცავდა“, - ამბობს მინისტრი.
გარდა ამისა, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო თუნდაც სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილში გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებს და საერთაშორისო გუნდის მიერ მიწოდებულ რჩევებს ეყრდნობა.
„მსგავს საკითხებზე ჩვენ საბჭოს ფორმატში ვმსჯელობთ, სადაც საერთაშორისო პარტნიორების გუნდი გვყავს. საერთაშორისო კომპანია გვაძლევს კონკრეტულ მითითებებს, თუ როგორი უნდა იყოს სტრატეგიული კამპანია.
ჩვენ ვთვლით, რომ მაშინ, როცა არ იყო ცნობილი ზუსტი თარიღი როდის, რომელი ვაქცინა შემოვიდოდა, აგრესიული საინფორმაციო კამპანიის დაწყება რისკებს უკავშირდებოდა. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო დავლოდებოდით პროცესების განვითარებას, რომელიც საქართველოზე არ არის დამოკიდებული. ვაქცინის მოწოდებაზე შეფერხებები გლობალურად ხდება. სწორედ ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო საინფორმაციო კამპანია, რომელიც შეთანხმებული იყო მწარმოებლებთან“, - განმარტა ტიკარაძემ.




























