მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Strategy-ის შემდეგ, ბიტკოინში ინვესტირებას GameStop-იც დაიწყებს

GameStop

ამერიკულ საფონდო ბირჟებზე რეგისტრირებული კომპანიები ბიტკოინში ინვესტირებას განაგრძობენ.

თუ ამ დრომდე, ამ მიმართულებით უდავო ლიდერი მაიკლ სეილორის Strategy იყო, ამჯერად ტენდენციას ელექტრონიკის და ვიდეოთამაშების ამერიკული ქსელი GameStop-ი შეუერთდა, რომელიც, პერიოდულად, ბიტკოინს იყიდის. ბიტკოინის შესაძენად კომპანია ნაღდ ფულს, სავალო ფასიან ქაღალდებს და კომპანიის კაპიტალს გამოიყენებს, ხოლო თავად ბიტკოინი სახაზინო რეზერვად მოიაზრება.

ბიტკოინის შესყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება GameStop-ის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო და ის მეოთხე კვარტალის ფინანსურ შედეგებთან ერთად გაასაჯაროვა. 2024 წლის ბოლო სამ თვეში, GameStop-ის შემოსავალმა $1.28 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურად 28%-იანი კლებაა. სანაცვლოდ, გაორმაგდა კომპანიის წმინდა მოგება, რომელმაც $131.3 მილიონი შეადგინა. შედეგების გასაჯაროებას GameStop-ის ინვესტორები დადებითად შეხვდნენ, ხოლო აქციები თითქმის 13%-ით გაძვირდა.

საინტერესოა, რომ GameStop-ი არის კომპანია, რომლის მთავარი კონკურენტი არის არა სხვა ქსელი, არამედ გაციფრულების ტენდენცია, რადგან გეიმერები სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებენ, როგორც ონლაინმაღაზიებს, ასევე ვიდეოთამაშების სტრიმინგ-პლატფორმებს. შედეგად, GameStop-ი დანახარჯების შემცირების სტრატეგიაზე გადაერთო. გასულ წელს GameStop-მა აშშ-ში 590 ფილიალი დახურა და ეს ტენდენცია, მომავალშიც გაგრძელდება.

არსებობს ვარაუდი, რომ ბიტკოინში ინვესტირება კომპანიამ სწორედ ძირითადი ბიზნესის წინაშე არსებული რისკების გამო გადაწყვიტა. ასეთივე გადაწყვეტილება, თავის დროზე, პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია MicroStrategy-მ მიიღო, რომელიც დღეს 506,137 ბიტკოინს ფლობს, რომლის ღირებულება, დღევანდელი ფასებით, დაახლოებით $44.5 მილიარდია.

კორპორაციული ამერიკის მიერ ბიტკოინში ინვესტირება, დიდწილად, საფონდო ბირჟებზე ბიტკოინის სავაჭრო ფონდების, იგივე ETF-ების გამოჩენას უკავშირდება, რადგან მანამ, სანამ ეს მოხდებოდა, კომპანიებს ციფრული აქტივები უშუალოდ კრიპტობირჟიდან უნდა ეყიდათ, რაც გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, რომელთაც, ტრადიციული ინვესტორები, როგორც წესი, გვერდს უვლიან.

ბირჟაზე ETF-ების გამოჩენის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ კრიპტოვალუტების მიმართ პოლიტიკის შერბილების ფონზე, ბიტკოინში და სხვა ვალუტებში ინვესტირებას, სავარაუდოდ, უფრო და უფრო მეტი კომპანია დაიწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები