"ჩვენ უნდა მოვახერხოთ და სწორი მიდგომებით გავაძლიეროთ საქართველოს სტრატეგიულ-გეოგრაფიული როლი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე ისაუბრა. ყაველაშვილმა პარლამენტში ისტორიული წარსული გაანალიზების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ჩვენ უნდა მოვახერხოთ და სწორი მიდგომებით გავაძლიეროთ საქართველოს სტრატეგიულ-გეოგრაფიული როლი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირების მიმართულებით. ისტორიული როლის დაბრუნებით შევძლებთ, გავაუმჯობესოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციები. ჩვენნაირი პატარა ქვეყნის გადარჩენის და წარმატების გასაღები ჩვენს ჭკვიანურ და ფრთხილ ქმედებებშია, რაც თავისთავად წინდახედულობასა და მოხერხებულობას გულისხმობს. ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ პოლიტიკა ნაკარნახევი უნდა იყოს, ერთი მხრივ, შეცდომების გაანალიზებით, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენი ერის მეხსიერებასა და ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ეს საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ უნებლიე, სავალალო შეცდომები.
სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში საქართველო უსამართლო თავდასხმების სამიზნე ჩვენი არაერთი ევროპელი პარტნიორის მხრიდანაც გახდა. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ეს იმ სივრციდან, საითკენაც სვლა ქართველმა ხალხმა სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, კანონის უზენაესობის დაცვის, ეროვნული იდენტობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების იმედით გადაწყვიტა", - განაცხადა "ოცნების" პრეზიდენტმა.