მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სწორი შეფასებაა“ – ალექს მატუა ADB-ის ანალიზზე თუ რატომ ვერ ვითარდება კაპიტალის ბაზარი საქართველოში

მატუა

ADB-ის ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში საქართველოსთვის –„ საქართველო 2024–2028 – მწვანე და ინკლუზიური კარიბჭის განვითარება“ – ფისკალური რისკების ნაწილში, რამდენიმე კომპონენტს აქცევს განსაკუთრებულ მნიშვნელობას - მათ შორის, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას.

ეს განვითარება, აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, აუცილებელია უცხოური ვალუტის დაფინანსებაზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან მიმართებით, წვრილი შრიფტით მიწერილი, მაგრამ ძალიან საინტერესო შემდეგი ე.წ. ფუტნოუთი / სქოლიო გვხვდება: „კაპიტალის ბაზრები არ არის საქართველოში სათანადოდ განვითარებული, რადგან საქართველოს ეკონომიკის ზომა მცირეა; საფინანსო სისტემა ბანკებზე – ცენტრირებულია– ამასთან, ორი სისტემური ბანკი საქართველოს საფონდო ბირჟის აქციების და ინფრასტრუქტურის უმრავლესობას ფლობს და ამდენად, შეუძლია გავლენა იქონიოს კაპიტალის ბაზრის განვითარების ტემპზე; და ბოლოს – მოთხოვნა, რომ აქციები ივაჭრებოდეს ორგანიზებულ საფონდო ბირჟაზე არ არსებობს – მას შემდეგ, რაც ასეთი მოთხოვნა გაუქმდა, ამან ხელი შეუწყო საფონდო ბირჟის გარეთ, დახლ–მიღმა ბაზრის განვითარებას“.

ADB-ის ამ ანალიზის შეფასება ვთხოვეთ „ანალიტიკა“–ში პროკრედიტ ბანკის პრეზიდენტს ალექს მატუას.

მისი თქმით, დეტალური ანალიზისგან თავს იკავებს, რაც ამ ნაწილში ბოლომდე ჩახედული არ არის – თუმცა, ეთანხმება ADB-ის იმ მთავარ შეფასებაში, რომ საბანკო სექტორის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა საბანკო კონცენტრაციაა.„ჩვენი ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა [საბანკო] კონცენტრაცია ნამდვილად არის.

ეს არის მოცემულობა, რომელსაც ალბათ უნდა მოვერგოთ. ეს არის რეალობა. რაც ADB-იმ შეაფასა, ჩემი აზრით, მანდ არის ლოგიკა. მე ღრმად ჩახედული ამ ნაწილში ამ ეტაპზე არ ვარ, ამიტომ ძალიან დეტალური ანალიზისგან თავს შევიკავებ, მაგრამ პირველად ინფორმაციად რაც მოვისმინე, ჩემი აზრით, სწორი შეფასებაა,“ – ამბობს ალექს მატუა „ანალიტიკა“– სთან პირდაპირ ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები