მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუდენტური ფესტივალი 2024-ის დასაფინანსებლად 0.5 მლნ ლარი გამოიყოფა

ფესტივალი

სტუდენტური ფესტივალი 2024-ის დასაფინანსებლად 0.5 მლნ ლარი გამოიყოფა. პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი განკარგულება დღეს გამოქვეყნდა.

„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დაევალოს ა(ა)იპ საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის დაფინანსება 500, 708 ლარის ოდენობით, საქართველოს სტუდენტური ფესტივალი 2024-ის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, პროგრამის, ახალგაზრდობის ხელშეწყობის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან“, - ნათქვამია პრემიერის განკარგულებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, 2024 წელს მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი 2024 გაიმართება, რომელშიც საქართველოს ყველა უნივერსიტეტიდან 25 000-მდე სტუდენტი ჩაერთვება.

ფესტივალი მოიცავს: უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებების გამართვას, ინტერმედიას - რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო თეატრებს შორის კონკურსის ჩატარებას, მოხალისეობრივ აქტივობებსა და STEM კონკურსს, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.

სტუდენტური ფესტივალი უკვე არაერთი წელია იმართება. რომელ წელს რა დაუჯდა ბიუჯეტს ღონისძიება, ინფორმაციას bm.ge ოფიციალური უწყებებისგან გამოითხოვს და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.