მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუბსიდიები არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე დამოკიდებულებას ზრდის - TI

636a204b17289
თამთა ჯიჯავაძე
08.11.22 13:51
630
საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც რუსეთზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებას და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას ეხება.

ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. TI-ს მიაჩნია, რომ აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს.

გარდა ამისა, TI-ს მიხედვით, რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომლებთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება.

„მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება“, - წერს TI.

ამასთან ერთად, როგორც ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ასავლელად რომ არ მოხდეს, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების დაარსება განსხვავებული პრაქტიკით უნდა განხორციელდეს. კერძოდ, კომპანიის რეგისტრაციაზე თანხმობის მიღებამდე, შეძლებისდაგვარად უნდა გადამოწმდეს, განმცხადებელი პირი რაიმე სახით ხომ არ არის დაკავშირებული სანქცირებულ კომპანიებთან, ან ადამიანებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები