მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სულ ბოლო კავშირიც კი ჩახსნეს ამერიკელებთან და ევროკავშირთან“ - თინა ხიდაშელი დავითაშვილის წასვლაზე

თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლის თინა ხიდაშელის შეფასებით, ლევან დავითაშვილის ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გაშვებით „ოცნებამ“ ამერიკელებთან და ევროკავშირთან სულ ბოლო კავშირიც „ჩახსნა“. ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

„დავითაშვილის გაშვება რას ნიშნავს ხომ ხვდებით ყველა?

სულ სულ სულ ბოლო კავშირიც კი ჩახსნეს ამერიკელებთან და ევროკავშირთან!

ერთადერთი ადამიანი მთავრობიდან რომელსაც ვინმე ელაპარაკებოდა ტოვებს მთავრობას!

ყველაფერი არის იმაზე უფრო ცუდად ვიდრე ამის წაკითხვის მომენტში გაიფიქრეთ“, - წერს ხიდაშელი.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში დღეს გაცხადებული ცვლილების შეფასებისთვის BM.GE ყოფილ მაღალჩინოსანს დაუკავშირდა და ჰკითხა, ხომ არ უკავშირდება ეს ცვლილებები მოსალოდნელ სანქციებსაც, რაზედაც თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ეს საკითხი კომპლექსურია. „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი დავითაშვილს ტექნოკრატს უწოდებს, რომელსაც კარგი კავშირები და რეპუტაცია ჰქონდა და თვლის, რომ ყოფილმა მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის დავალება ვერ შეასრულა, რომელიც მას ამერიკასთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეკისრა.

„ვფიქრობ, ძალიან ბევრი ასპექტია და ერთმანეთს არ გამორიცხავს არც ერთი... არც ისაა გამორიცხული, რომ თავად დავითაშვილს უნდოდა წასვლა. ვფიქრობ, მას [ლევან დავითაშვილს] სრულად აქვს გაცნობიერებული რას ნიშნავს სანქციების რეჟიმი და რამდენად სწრაფად შეიძლება მივიდეს ნებისმიერ მათგანამდე მისი ჩათვლით, მაგრამ ეს ერთადერთი მიზეზი არ არის.

უფრო პოზიტიურად შევხედავ მე ამ ამბავს და ვიტყვი, რომ დავითაშვილი „ქართულ ოცნებაში“ ერთადერთი მინისტრი იყო, რომელსაც წონასწორობა არც ერთხელ არ დაუკარაგავს და სიტყვა არ გაქცევია არც პარტნიორებთან ურთიერთობისას და არც შიდა ოპონენტებზე. ეს ძალიან დასაფასებელი და ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ამ ვითარებაში ამას ახერხებს ადამიანი, გასაგებია, რომ მას საკმაოდ რთული გზით უწევს მოძრაობა. ამიტომ სულ არ გამიკვირდება, რომ არამხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცას სანქციების ეშინია, არამედ იმიტომაც რომ ყველაფერს თავის ზღვარი აქვს და მოთმინება სადღაც სრულდება ის, ითხოვდა გაშვებას. მაგრამ ამასობაში ეს საერთოდ არ გამორიცხავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს არა დღეს, არამედ რამდენიმე კვირის წინ და ამის გაფორმება ახლა მოხდა იმის გამო და იმ ფონზე, რომ მან ვერ მოახერხა ბიძინას [ივანიშვილის] დავალების შესრულება ვაშინგტონში ყოფნისას. ის იმყოფებოდა მსოფლიო ბანკის შეკრებაზე, ის არ იყო ვაშინგტონში ვიზიტად, ის იყო შეკრებაზე, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარეობდა, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მას ჰქონდა დავალება თავისი კონტაქტები გამოეყენებინა, მოესინჯა ნიადაგი ურთიერთობების მეტ-ნაკლებად დასტაბილურებისთვის, მაგრამ როგორც ვნახეთ, მან ის შეხვედრებიც ვერ მიიღო, როგორიც ვიცე-პრემიერს შეჰფეროდა, ვერაფერი დაალაგა. მისი იქ ყოფნის დროს ხდებოდა „მეგობარი აქტის“ განხილვა და წარმომადგენელთა პალატამ აქტი მისი ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში მიიღო. ამიტომ მან ამოწურა ის რესურსი, რომელიც მასთან კავშირში [ოცნებას] საიმედო საშუალებას აძლევდა.

მესამე - ბიძინას მხრიდან დღეს, ეს ამერიკელებისთვის ერთგვარი გზავნილი იყო - რომ აი, ამ კაცსაც არ აძლევთ ნორმალიზაციის შანსს და ვერ მიიღო მან ისეთი შეხვედრები და დიალოგი, როგორიც ეკუთვნოდა... მაშინ გასაგებია და მისი საჭიროება საერთოდ არ არის. საკმაოდ კომპლექსური საკითხია და მე ასე მარტივად არ მივუდგებოდი. ის [ბიძინა ივანიშვილი] ერთი მხრივ ამერიკელებს ეუბნება, რომ ყველაფერი დამთავრდა, ის ბოლო რესურსიც ამოიწურა და აღარ იქნება, რომელიც თეორიულად ამ კომუნიკაციისთვის აქამდე ჯერ კიდევ არსებობდა“, - ამბობს თინა ხიდაშელი.

მისი შეფასებით, ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან დავითაშვილის პრემიერის მრჩევლად და ეკონომიკური საბჭოს მდივნად გადაყვანა ყველაზე კარგი ფორმაა, რადგან რომეო მიქაუტაძის კორუფციაში დადანაშაულების შემდეგ, ლევან დავითაშვილის მინისტრთა კაბინეტიდან პირდაპირი გაშვება, საზოგადოებაში გადაწყვეტილების ამ საკითხთან დაკავშირებას გამოიწვევდა.

„მრჩევლად გადაყვანილი ბევრი ადამიანი მინახავს და შემდეგ მათ შესახებ არაფერი გაგვიგია. ღარიბაშვილის დროსაც ირაკლი სესიაშვილი როდესაც წავიდა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობიდან და ღარიბაშვილის მრჩევლად გადაიყვანეს, მას შემდეგ მასზე არაფერი გაგვიგია. მრჩევლად გადაყვანა მშვიდი პოზაა. ვის სჯერა ქვეყანაში, სადაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსაც კი აუქმებენ, რომ რაღაც სხვა საბჭოები არსებობს და ფუნქციონალურია.

აქ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კონტექსტია, რომელიც მე არ მგონია, რომ ამასთან დაკავშირებულია, მაგრამ რომეო მიქაუტაძე მისი მოადგილე იყო, დღეს რომ დავითაშვილი ასე გაეშვათ, ეს აუცილებლად იქნებოდა დაკავშირებული მიქაუტაძის საქმესთან, ესეც გასათვალისწინებელია“, - განმარტავს თინა ხიდაშელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები