მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეიქმნება საგზაო რუკა, რომელიც თურქმენეთში წარმოებული პროდუქციის საქართველოში დასაწყობების საშუალებას მოგვცემს - დავითაშვილი

დავითაშვილი

თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ თურქმენეთის მთავრობასთან საუბრისას გამოიკვეთა ძირითადი მიმართულებები, სადაც გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა, ესენია ენერგეტიკული სექტორი, ტრანსპორტი და ლოგისტიკის სფერო და ტურიზმი.

მათ შორის საუბარია თურქმენეთში წარმოებული ნავთობპროდუქტების საქართველოში ექსპორტზე და ასევე საქართველოს მეშვეობით ტრანზიტზე.

"ვისაუბრეთ გაზის შესაძლო ექსპორტზე თურქმენეთიდან საქართველოში, რაც საქართველოს ენერგოსისტემის დივერსიფიცირებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ასევე ყურადღება დავუთმეთ სატრანზიტო და სატრანსპორტო მიმართულების ეფექტურად გამოყენებას. თურქმენეთი არის ერთ-ერთი სატრანზიტო და ამავე დროს მნიშვნელოვანი ექსპორტიორი ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენთვის ამ მიმართულებით თურქმენეთთან თანამშრომლობა არის ძალიან პერსპექტიული", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, 2 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა თურქმენეთიდან საქართველოში 2024 წლის განმავლობაში, საიდანაც 90%-ზე მეტი იყო სატრანზიტო დანიშნულების ტვირთი.

"ეს არის საკმაოდ დიდი მოცულობა, თუმცა საუბარია იმაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია უახლოეს ხანებში ეს მოცულობები კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ, თურქმენეთში წარმოებული მინერალური სასუქები საქართველოს მეშვეობით გავიდეს დასავლურ ქვეყნებში, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, კონკრეტული საგზაო რუკა შეიქმნება უახლოეს ხანებში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თურქმენეთში წარმოებული პროდუქცია დასაწყობდეს საქართველოში და საქართველოდან ეფექტიანად, უფრო კონკურენტუნარიან ფასებში მიეწოდოს ევროპის ქვეყნებს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ,“- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ტურიზმის სექტორში თანამშრომლობას და აღინიშნა, რომ საქართველო თურქმენეთს ლიბერალურ სავიზო რეჟიმს სთავაზობს, რაც ტურისტული ნაკადებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

„ვისაუბრეთ ტურიზმის სექტორში თანამშრომლობაზე. 18 000-ზე მეტი ტურისტი იყო 2024 წელს თურქმენეთიდან საქართველოში. იცით, რომ ჩვენ ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა ვართ, რომელმაც ლიბერალური სავიზო რეჟიმი შესთავაზა თურქმენეთს და ვფიქრობ, ის ცნობადობა, რომელიც საქართველოს ამ ქვეყანაში აქვს, მოგვცემს საშუალებას, ტურისტების ნაკადი კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენს ქვეყანაში. ყველა ეს მიმართულება ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ხელსაყრელი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, ასევე საინტერესოა თურქმენეთისთვის და ვფიქრობ, ძალიან კონკრეტული საგზაო რუკის რეალიზების ფარგლებში ეს ყველაფერი არის უახლოეს ხანებში მიღწევადი,“- აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველო თურქმენეთის სავაჭრო ბრუნვა 81 მლნ აშშ დოლარამდე 19.6%-ით შემცირდა. ასევე, ტრადიციულად, თურქმენეთიდან საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მცირეა. გასული წლის 3 კვარტალში 490.4 ათასის ინვესტიცია ჩაიდო. რაც შეეხება ტურიზმს, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს თურქმენეთიდან 17,546 ადამიანი შემოვიდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 33.1%-ით მეტია.

როგორია საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური კავშირი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები