უცნობია, როდის გაგრძელდება სუროგაციისა და ინვიტრო განაყოფიერების წესების გამკაცრების შესახებ კანონპროექტის განხილვა. bm.ge-ის პარლამენტში განუცხადეს, რომ თარიღი კვლავ არ იციან.
არადა, 16 იანვარს პარლამენტისვე მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიიდან უნდა გაგრძელებულიყო. უცნობია მიზეზი, რატომ ჭიანურდება კანონის განხილვა, რომელიც პირველ ეტაპზე დაჩქარებული წესით განიხილებოდა.
შეგახსენებთ: „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონით, საქართველოში აიკრძალება უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია და ამ მომსახურების მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.
კანონის ინიციატორი ჯანდაცვის სამინისტროა. პროექტი კი, პარლამენტში 2023 წელს 19 ივნისს მას შემდეგ შევიდა, რაც ერთი კვირით ადრე პრემიერმა დააანონსა, რომ მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვით, უცხოელი წყვილებისთვის საქართველოში სუროგაცია აიკრძალება და ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.
პროექტი პირველ ეტაპზე დაჩქარებულად განიხილებოდა და ამოქმედების ვადად იმჟამინდელი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი 2024 წლის 1 იანვარს ასახელებდნენ, თუმცა კანონი ჯერ ისევ საკომიტეტო განხილვების ეტაპზეა და ისიც უცნობია, როდის გაგრძელდება
აღსანიშნავია ისიც, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები აღარ ანაზღაურდება - დადგენილებას, რომელიც ძალაში 29 თებერვალს შევიდა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.