გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებს, რომ საქართველოს სურსათით მომარაგების კუთხით შეფერხება არ არსებობს. ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტის შესაბამის კითხვას, რადგან რუსეთი და უკრაინა ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან და მათი წილი იმპორტში მნიშვნელოვანია.
"იმპორტიორებთან გვქონდა შეხვედრა; მუდმივი კავშირი გვაქვს მათთან და ამ ეტაპზე არანაირი შეფერხება სურსათის მომარაგების კუთხით არ არსებობს. შეფერხებაა უკრაინასთან ვაჭრობის კუთხით, თუმცა ეს საკითხი იმდენად არის დარეგულირებული, რომ დღეს პირველადი მოხმარების არცერთი პროდუქტის მიმართულებით, მომარაგების პრობლემა არ არის. მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით იმპორტიორებთან“, - განაცხადა მინისტრმა.
მან უკრაინაში მიმდინარე ომზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მიმდინარე მოვლენები ძალიან სამწუხაროა. მინისტრის თქმით, ის სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ, რადგან მას პირადად აქვს გამოცდილი როგორია ომი და დევნილობა საკუთარ ქვეყანაში.




























