მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სურვილი, რომ ბიზნესისთვის საჭირო პროფესიები ვასწავლოთ სტუდენტებს რთული მისაღწევია - მედეა ტაბატაძე

მედეა ტაბატაძე

"ქართული ოცნება" შრომის ბაზრის კვლევას აანონსებს, რომლის საფუძველზეც, უნდა მოხდეს უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი მედეა ტაბატაძე ამბობს, რომ ბიზნესისა და უნივერსიტეტების თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ წინასწარ კვლევის მომზადება იმის შესახებ თუ რა ტიპის კადრები დასჭირდება ბიზნესს, არასწორია.

“კარგია, ითანამშრომლოს ბიზნესმა უნივერსიტეტებთან, მაგრამ აკადემიური განათლების თვალსაზრისით, არ ვიცი, როგორ მოხდება ეს პროცესი, იმიტომ რომ უმაღლესი განათლების მიღება უფრო დროსთან არის დაკავშირებული და თანამედროვე ბიზნესი და ბიზნესს გარემო ძალიან დინამიკურია. მაგალითისთვის, ახლა ძალიან ადგილობრივი ეკონომიკის წამყვანი ინდუსტრიაა მშენებლობა.

ჩვენ ხომ არ ვიცით, ეს რამდენი ხანი შეიძლება იყოს წამყვანი, ხომ? ისევე, როგორც არ ვიცით, მაგალითად, როდის ან როგორ მოხდება ხელოვნური ინტელექტის გავრცელება, რომელიც კიდევ უფრო შეცვლის პროფესიებზე მოთხოვნას. წლების წინ, მაგალითად, ძალიან დიდი მოთხოვნა იყო სოცმედია და კონტენტის მენეჯერებზე, ახლა არა. ამიტომაც, მგონია, რომ სურვილი, რომ ბიზნესს რაც სჭირდება, ის პროფესიები ვასწავლოთ ძალიან რთული მისაღწევი იქნება.

ვიწრო და მოკლე, სწრაფად ცვალებადი პროფესიებისთვის უნდა არსებობდეს ხელობის სასწავლო ცენტრები და გადამზადების ცენტრები. აკადემიური განათლების მიბმა ამაზე ძალიან რთული იქნება და შეიძლება გაუმართლებელი ხარჯებიც გამოიწვიოს.”- ამბობს მედეა ტაბატაძე.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები