მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუს-ი უკრაინულ მხარეს პასუხობს და კონტრაბანდის ბრალდებებზე მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს

624bf537468bd
ვიქტორია მღებრიშვილი
05.04.22 11:55
1884
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინულ მხარეს რუსეთიდან კონტრაბანდული გადაზიდვების შესახებ მტკიცებულების წარდგენას სთხოვს - შესაბამისი განცხადება სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა. 

მათი ცნობით, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სუს-ს უკრაინის საელჩოს სპეციალურ წარმომადგენელთან კომუნიკაცია ჰქონდა. სუს-ში აცხადებენ, რომ, თუ უკრაინა ქართულ მხარეს დამადასტურებელ ცნობებს არ გადასცემს, გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციად ჩაითვლება.

„უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, საქართველოს სპეციალურ სამსახურებს აქვთ ფარული კავშირები რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდული ტვირთების გადატანის ორგანიზების მიზნით.

აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით. საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციის გაცვლის მიზნით, გუშინვე შეხვდა საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს. შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების საფუძვლებით და მოითხოვა დეტალური ინფორმაციის გაზიარება საკითხთან დაკავშირებით.

შევახსენებთ უკრაინულ მხარეს, რომ ასეთი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა არაერთი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა, წარმოადგენს უკიდურესად არამეგობრულ და პროვოკაციულ ნაბიჯს და მიზნად ისახავს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებს“, - წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტრო: საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქტის გადატანის შესახებ ბრალდება აბსურდულია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები