სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ სუსს გადაცემა ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათ შორის ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების გამოწვევას.
სავარაუდო დანაშაულის შემდეგ საკითხი სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში გაშუქდა. სუს-მა მყისიერი რეაგირება მოახდინა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე ცალკეულ პირებს რეკომენდაცია მიეცა, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 284-ე მუხლებით.
სუსის გამოძიების სავარაუდო საგანი გახდა მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 25 დეკემბრით დათარიღებული განკარგულება, რომელიც საქართველოსა და "გაზპრომს" შორის დადებულ ხელშეკრულებას ეხებოდა.




























