მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თაფლის ხარისხის გასაუმჯობესებლად მეფუტკრეების განათლების დონე უნდა გავზარდოთ“ – „მეფუტკრეთა გაერთიანება“

642ebb0e3810d
თინათინ ნატმელაძე
06.04.23 16:45
722
„საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო პაპავამ ქართული თაფლის ბაზრის გამოწვევებსა და საექსპორტო პოტენციელზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ქართულ თაფლში დაბინძურების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, თუმცა ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად თაფლის რაოდენობის ზრდაც საჭიროა, რისთვისაც, პირველ რიგში, ქვეყანაში თაფლოვანი მცენარეების გაშენება და მეფუტკრეთა ცოდნის ამაღლებაა აუცილებელი.

„ბოლო თვეებია ევროკავშირში ექსპორტი შემცირდა, რისი მიზეზიც მარაგების ამოწურვაა - ევროკავშირიდან ძირითადი მოთხოვნა აკაციის თაფლზეა, გასულ წელს უხვი ნალექის და თაფლოვანი მცენარეების რაოდენობის სიმცირის გამო კი, საკმარისი მარაგების შეგროვება ვერ მოხერხდა.

ცხადია, მნიშვნელოვანია ხარისხიც - გასულ წლებში, 2016-2018 წელს ჩვენს თაფლში ანტიბიოტიკებით დაბინძურების მაჩვენებელი 58% იყო, „მეფუტკრეთა გაერთიანებისა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით კი, მრავალი ტრენინგი ჩატარდა, რომლის შედეგედაც მეფუტკრეების ცნობიერება ამაღლდა და დაბინძურების ახლანდელი მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს, თუმცა, ცხადია, ეს დანაგვიანებაც საფრთხეს ქმნის, რადგან ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია, იქ კი საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია“, - განაცხადა ალეკო პაპავამ.

„მეფუტკრეთა გაერთიანებაში“ აღნიშნავენ, რომ საჭიროა, ინსპექტორის სამსახურის შექმნა, რომელიც თაფლის მწარმოებლებს ადგილზე შეამოწმებს, რეკომენდაციებს გასცემს და ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნებს.

„ამჟამად საქართველოში მეფუტკრეები და სკები დარეგისტრირებული არ არიან, ჩვენ არ ვიცით რეალურად რამდენის წარმოების პოტენციალი გვაქვს, ასევე ვერ ვახერხებთ კონტროლს, ამიტომ ამ პრობლემის გადაჭრაც მნიშვნელოვანი საკითხია. საუბარი არაა ჯარიმებზე და სხვა სანქციებზე, მთავარია, სწორი რეკომენდაციების გაცემა და წარმოების პროცესის შემოწმება“, - ამბობს ალეკო პაპავა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ თაფლის ექსპორტის შემოსავალი 12 მილიონ დოლარამდე გაზარდოს, რასაც ამჟამინდელი მოთხოვნა ადასტურებს, თუმცა ამ რაოდენობის მისაღებად სახელმწიფო თაფლოვანი მცენარეების - აკაციის, ცაცხვის, წაბლის ტყეების გაშენებაში უნდა ჩაერთოს და ეს ბაზა გააძლიეროს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოდან 250 ტონა თაფლი გავიდა, ძირითადი მოთხოვნა გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ბულგარეთიდან იყო, თუმცა ეტაპობრივად დაინტერესება იაპონიიდან, ტოკიოდან და საუდის არაბეთიდანაც იზრდება. „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“ მიმდინარე წელს 500 ტონა თაფლის ექსპორტს ელოდება და როგორ ალეკო პაპავა აღნიშნავს, ამჟამად რომ საქართველოში 1000 ტონა თაფლის რესურსი იყოს, საექსპორტო ბაზრებზე ეს რაოდენობაც რეალიზდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები