შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ბანგკოკის ინტერპოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე, დაწყებულია გამოძიება ადამიანით ვაჭრობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილი).
საქმე ეხება 3 თებერვალს, ტაილანდურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საქართველოში მოქმედ ტრეფიკინგის სქემაზე წერს.
გამოცემის ცნობით, სამი ტაილანდელი ქალი, რომლებიც საქართველოში ტრეფიკინგის ოპერაციის შედეგად გადაარჩინეს, ქვეყანაში, სავარაუდოდ, კვერცხუჯრედების გასაყიდად ჩამოიყვანეს. ამის თაობაზე ტაილანდის ონლაინ გაზეთი The Nation იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებული სამი ქალი იმ დანარჩენ 100-მდე ტაილანდელ ქალს შორის იყო, რომლებიც მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩინურმა დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ საქართველოში „ოთხი სახლისგან შემდგარ“ დასახლებაში დაატუსაღა.
The Nation-ის ცნობით, ქალებს თავდაპირველად სუროგატებად დასაქმებას ჰპირდებოდნენ, თუმცა მოგვიანებით მსხვერპლმა, პირობითი სახელით ‘ნამ’ შეიტყო, რომ კონტრაქტის გასაფორმებლად არც ერთი მომავალი მშობელი არ გამოჩენილა. სამაგიეროდ, ქალებს ყოველთვიურად კვერცხუჯრედების გაღების პროცედურების გავლას აიძულებდნენ. როგორც ცნობილია, ინვაზიური პროცედურები „ჯანმრთელობის მნიშვნელოვან რისკებს“ შეიცავს, ხოლო „არალეგალურ ოპერაციებს ხშირად არ ახლავს სათანადო სამედიცინო დახმარება და უსაფრთხოების პროტოკოლები, რაც საფრთხეს უქმნის ქალების კეთილდღეობას“. მიუხედავად ამისა, კვერცხუჯრედებს დანაშაულებრივი ჯგუფი მოგების მიზნით ყიდდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 6 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, დაინიშნა ექსპერტიზები და სხვადასხვა ადგილას ჩატარდა ჩხრეკა.
„გამოიკითხა 70-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა არცერთ მათგანს, გარდა 3 ტაილანდელი ქალბატონისა, რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია. გამოკითხული 3 ტაილანდელი ქალბატონი განმარტავდა, რომ აღარ სურდათ სუროგატი დედობა და საცხოვრებელ მისამართზე დარჩენა. სამართალდამცველების მიერ იმავე დღეს მოხდა სამივე ქალბატონის გადაყვანა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მათ ქვეყანა დატოვეს“, - წერია განცხადებაში.
გამოძიება როგორც საქართველოში, ისევე ტაილანდში მიმდინარეა.




























