მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„თამარ ქიტიაშვილი ნამდვილად ამ სისტემაში ერთ–ერთი გამორჩეული კადრი იყო“ – განათლების კოალიცია

განათლება

„სამწუხაროა, რომ ასეთი კომპეტენტური ადამიანები სისტემას ტოვებენ“, – ასე გამოეხმაურა განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში დღეს თამარ ქიტიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში დადასტურებულ ინფორმაციას, რომ მან პროფესიული განვითარების სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.

„კვლავაც ერთგული ვარ იმ დიდი იდეისა, რასაც უნარების ეკოსისტემის განვითარება დავარქვით, იმ ხედვისა, რომელსაც გულანთებული ადამიანების უდიდესი ძალისხმევითა და სიყვარულით შეესხა ხორცი და ასევე უძვირფასესი მოკავშირეებისა და პარტნიორების ხელშეწყობით წამოდგა ფეხზე. ვინაიდან ბევრ ზარსა და მესიჯს ვიღებ შეკითხვებით, მინდა აქაც დავადასტურო, რომ დიახ, დავტოვე გენერალური დირექტორის თანამდებობა უნარების სააგენტოში, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით.სააგენტოს მენეჯმენტი, ჩემი სუპერ-პროფესიონალი კოლეგები, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდი და თანამშრომლობითი განწყობით, ახალი მენეჯმენტისთვის საქმის გადაბარების შემდეგ დატოვებენ სააგენტოს, ისე რომ სააგენტოს ფუნქციონირება არ შეფერხდება“ – დაწერა თამარ ქიტიაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“ დღეს კადრების დეფიციტის თემას ეხმიანებოდა. განათლების კოალიციის დირექტორის თქმით, კომპეტენტური ადამიანების დეფიციტი თვითონ სისტემაშია.

„თუ სისტემაში, წამყვან რგოლებში არაკომპეტენტური ადამიანები საზღვრავენ პოლიტიკას, ბუნებრივია, ეს შემდეგ უკვე დასაქმების პოლიტიკაზეც აისახება, – ამბობს კოალიცია განათლებისთვის ხელმძღვანელი – თამარ ქიტიაშვილი ნამდვილად ერთ–ერთი გამორჩეული კადრი იყო ამ სისტემაში ისევე, როგორც სოფო გორგოძე იყო შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი და ორივეს წასვლა მე, პირადად, კარგ ნიშანს არ მაძლევს – სამწუხაროა, რომ ასეთი კომპეტენტური ადამიანები ტოვებენ სისტემას“.

გიორგი ჭანტურიას თქმით, საკადრო გადაწყვეტილებასთან მიმართებით, მეტი საჯაროობა და გამჭვირვალობა უკეთესი იქნებოდა „იმისთვის რომ ვიცოდეთ, მომავალშიც, პოლიტიკა საითკენ მიდის, რომ შესაბამისად, ავეწყოთ და შესაბამისად დავგეგმოთ ჩვენი საქმიანობა. სამწუხაროდ, ამ მხრივ განათლების სისტემა ძალიან მოიკოჭლებს. თქვენ დასაწყისშიც ახსენეთ – მუდმივი რეფორმა – რეალურად რაღაც ცვლილებებს ეძახიან რეფორმას, თუმცა ეს ცვლილებები რეფორმად ვერ ჩაითვლება. რეფორმა ერთია რომ გაცილებით უფრო მასშტაბური უნდა იყოს, თუმცა გარდა ამისა მასში ბევრი აქტორი უნდა მონაწილეობდეს. ამასთან, ეს უნდა იყოს რეალური, პრაქტიკული, რასაც ჩვენ უნდა ვხედავდეთ და ვგრძნობდეთ ჩვენს თავზე. სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ, რომ სისტემაში რაიმე თვისებრივად იცვლებოდეს. წლიდან წლამდე და ათწლეულების მანძილზე, მცირე ცვლილებები არის, მაგრამ რეალური ცვლილებები – არა“, – ამბობს გიორგი ჭანტურია „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები