მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამაშის ახალი წესები: როგორ მორიგდნენ APM TERMINALS POTI და PACE GEORGIA?

63401efdd0ea5
თელარა გელანტია
07.10.22 18:05
1016
მიმდინარე წელს საქართველოს პარლამენტმა საზღვაო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში მოქმედი პორტების ოპერატორებს ანუ სანავსადგურე ერთეულებს თამაშის ახალ წესებს უდგენს. კერძოდ:

1. სანავსადგურე ერთეულები საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის დაღრმავებასა და მოვლა-პატრონობას ახორციელებენ, მათ შორის, დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;

2. ხელშეკრულება სანავსადგურე ერთეულებს შორის უნდა გაფორმდეს გონივრულ ვადაში და ის უნდა შეიცავდეს დებულებებს შესასვლელი არხის ადმინისტრირების საერთო პირობებისა და დაღრმავების ხარჯების განაწილების შესახებ;

3. სანავსადგურე ერთეულს არ აქვს უფლება, დააწესოს საზღაური შესასვლელი არხით სარგებლობისთვის ან სხვა სანავსადგურე საფასური ან/და საზღაური სხვა სანავსადგურე ერთეულში შემსვლელი და სხვა სანავსადგურე ერთეულიდან გამსვლელი გემებისთვის;

4. ადგენილებით, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ამ შემთხვევაში საზღვაო სააგენტო თავად ასრულებს ნავსადგურის შესასვლელი არხის დაღრმავების სამუშაოებს. ასეთ შემთხვევაში, ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის საფასური განისაზღვრება ეკონომიკის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით.

გამომდინარე იქიდან, რომ, ჯერჯერჯობით, ფოთის პორტი საქართველოში ერთადერთია, სადაც ორი სანავსადგურე ერთეულია - „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ (APM TERMINALS POTI) და „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური” (PACE GEORGIA), საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგ ღიად გამოვიდა APM TERMINALS POTI.

ინვესტორი კომპანიის მენეჯმენტმა შესაბამისი წერილით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ეკონომიკურ ბლოკსაც მიმართეს და თან გააფრთხილეს, რომ თუ საზღვაო კოდექსში ცვლილებები დამტკიცდებოდა, საერთაშორისო არბიტრაჟში დავის დაწყებას არ გამორიცხავდნენ. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა კანონი დაამტკიცა და ზაფხულში დადგენილებებიც გამოიცა.

შესაბამისად, BMG დაინტერესდა, ამოქმედდა თუ არა თამაში ახალი წესები ფოთის პორტში და ისევ არსებობს თუ არა საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოს წინააღმდეგ დავის დაწყების ალბათობა. APM TERMINALS POTI-ში ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს, მაგრამ ოფიციალურად მაინც მივწერეთ.

APM TERMINALS-ისგან განსხვავებით, კონტაქტზე გამოვიდა PACE GEORGIA-ს დირექტორი ირაკლი თათეიშვილი, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ „ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში” მიმავალი გემები შესასვლელი არხის საფასურს APM TERMINALS-სს აღარ უხდიან ანუ ამ შემოსავალს ახლა PACE GROUP იღებს, ხოლო არხის მოვლა-პატრონობის ხარჯებს APM-თან ერთად ინაწილებენ. ამასთან, გავარკვიეთ ისიც, რომ ორ სანავსადგურე ერთეულს შორის ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.

- შესასვლელი არხის საერთო ნაწილის დაღრმავებასა და მოვლა-პატრონობის თაობაზე ჩვენსა და APM-ს შორის ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ ერთმანეთში ვსაუბრობთ.

- როგორც მახსოვს, საზღვაო კოდექსში ცვლილებებს APM TERMINALS-ი არ ეთანხმებოდა, ამიტომ როგორ მიდის მოლაპარაკების პროცესი?

- მოლაპარაკებები მიდის. შემიძლია, მარტო ეს გითხრათ.

- დაახლოებით, რა ვადაში ფიქრობთ დასრულებას?

- არ ვიცი. შეიძლება ხვალ, ან ერთ ან სამ თვეში დასრულდეს.

- პორტის შესასვლელ არხს ისევ მარტო APM TERMINALS-ი აღრმავებს და უვლის?

- დიახ, მაგრამ ჩვენც ვმონაწილეობთ ჩვენი მხრიდან თანხის გადახდით...

- საზღვაო კოდექსით გარკვეული ფორმულით უნდა დაანგარიშდეს არხის მოვლა-პატრონობის ხარჯების გადანაწილება და ახლა როგორ ხდება?

- ფორმულა გამოითვლება რაღაც პერიოდის შემდეგ, როდესაც შევთანხმდებით... ჩვენ დეპოზიტზე განვათავსეთ თანხა, რომლის გამოყენებაც APM-ს შეუძლია იმ სამუშაოებიდან გამომდინარე, რა სამუშაოებსაც შეასრულებს პორტში შესასვლელ არხში.

- კიდევ ერთი სიახლე, რასაც საზღვაო კოდექსი ითვალისწინებს და რასაც APM არ ეთანხმებოდა, შეეხებოდა შესასვლელი არხის საფასურის დაწესებას. კერძოდ, სანავსადგურე ერთეულს არ აქვს უფლება, დააწესოს საზღაური შესასვლელი არხით სარგებლობისთვის სხვა სანავსადგურე ერთეულიდან გამსვლელი გემებისთვის. ამდენად, რა ხდება დღეს?

- APM ეიპიემ ჯგუფი ისევ მიიღებს შესასვლელი არხის საფასურს იმ გემებზე, რომელიც მის ნავმისადგომებზე შევა.

- ეს გასაგებია და PACE-ის ნავსადგომებისკენ მიმავალი გემების არხის საზღაურს ვის უხდიან?

- ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურს ( PACE GEORGIA) ანუ როგორც კანონითაა განსაზღვრული.

რამდენად სრულყოფილად ამოქმედდა საზღვაო კოდექსში შეტანილი ცვლილებები პრაქტიკაში, ამ კითხვებით BMG-მ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს მიმართა, მაგრამ გურამ გურამიშვილმა კონკრეტულ კითხვებზე დეტალური პასუხების გაცემისგან თავი შეიკავა და გვითხრა, რომ სანავსადგურე ერთეულებს შორის ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. „იმედია, შეთანხმებამდე მივლენ“, - თქვა გურამ გურამიშვილმა.

BMG-მ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ასევე ჰკითხა, როდის იწურება „გონივრული ვადა“, როგორც ეს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა და როდის დგება ის მომენტი, როდესაც PACE-სსა და APM-ს შორის შეთანხმების ვერმიღწევის შემთხვევაში, პორტის შესასვლელი არხის მოვლა-პატრონობას თავის თავზე საზღვაო სააგენტო აიღებს.

„გონივრული ვადა გულისხმობს იმას, რომ აუცილებელია, ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურის ღიაობა იყოს შენარჩუნებული. სანამ ეს წერტილი არ დადგება, ყველა ვადა, როდესაც ერთმანეთთან საუბრობს ორი სუბიექტი და გემების შესვლა-გამოსვლასთან და ტვირთების ტრანზიტთან დაკავშირებით შეფერხება არ გვაქვს, არის გონივრული“, - აცხადებს გურამ გურამიშვილი.

რაც შეეხება იმას, ისევ უშვებს თუ არა APM TERMINALS-ი საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში დავის ალბათობას, როგორც ეს პრემიერ-მინისტრისადმი მიწერილ წერილში იყო აღნიშნული, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გვიპასუხა, რომ „მოთმინება გვმართებს“.

„თქვენ მიხსენეთ წერილი კონკრეტული კომპანიის, რომელსაც იმ წუთას ჰქონდა ის აღქმები... დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ამ ორ სანავსადგურე ერთეულს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება. შეიძლება, ბევრი რამე აღქმების ნაწილში შეიცვალა და შეიძლება, შეიცვალოს ურთიერთობის ნაწილშიც. შესაბამისად, ამ ნაწილში მოთმინება გვმართებს და და უნდა დაველოდოთ მოლაპარაკების შედეგებს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ BMG-სთან ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები