მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოთი არალეგალური ვაჭრობის გავლენა სახელმწიფოს შემოსავლებზე

საგამოძიებო სამსახური

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა, საქართველოში ბოლო 2 თვის განმავლობაში, 1 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გამოავლინა სხვადასხვა სახეობის თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის 213 ფაქტი, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა 35 141 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, არალეგალური ვაჭრობა განსაკუთრებით მოსალოდნელია იმ პროდუქტების მიმართ, რომელზეც მაღალი აქციზის გადასახადი არის დაწესებული (მაგ. ალკოჰოლი, თამბაქო). 2023 წლის მონაცემების მიხედვით, საბაჟო ადმინისტრაციების მიერ გამოვლენილი თამბაქოთი არალეგალური ვაჭრობის შემთხვევები გაიზარდა 54%-ით წინა წელთან შედარებით.

წყარო: World Customs Organization

ანგარიშის თანახმად, 2023 წლის ნოემბერში ერთ-ერთი ოპერაციის დროს, მხოლოდ ირლანდიაში 9.8 მილიონი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს, რაც დაახლოებით 6.4 მილიონი ევროს დანაკარგს წარმოადგენს საბიუჯეტო შემოსავლებისთვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გლობალურად თამბაქოთი უკანონო ვაჭრობა შეადგენს 11%-ს, რომელიც წლიურად საბიუჯეტო შემოსავლებისთვის ჯამში 47.4 მილიარდ დოლარიან დანაკარგს წარმოადგენს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თამბაქოთი არალეგალური ვაჭრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, რადგან იგი პირდაპირ ახალისებს დანაშაულებრივ ჯგუფებს. „როდესაც მომხმარებლები ყიდულობენ არალეგალურ თამბაქოს, ისინი საფრთხეს უქმნიან საკუთარ უსაფრთხოებას“ - წერია დოკუმენტში.

ამდენად, არალეგალურ ვაჭრობასთან ბრძოლა სახელმწიფოებისთვის ყოველწლიური გამოწვევაა რამდენიმე მიზეზის გამო: შავ ბაზარზე ვაჭრობით მცირდება საბიუჯეტო შემოსავლები, ახალისებს კორუფციას და საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, აძლიერებს დანაშაულებრივი ჯგუფების მოქმედებებს, აზიანებს კანონიერ ბიზნესს და ამცირებს ეკონომიკურ ზრდას. ისეთი პროდუქტების შემთხვევაში, როგორიც თამბაქოთი არალეგალური ვაჭრობაა, საფრთხე ექმნება ადამიანების ჯანმრთელობას, ხოლო არასრულწლოვნებისთვის ადვილად ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს.

ამასთან, შავ ბაზარზე არსებული პროდუქტი არ გადის კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტებით შემოწმებას და მისი შემადგენლობის/ხარისხის გათვალისწინებით სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები