მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თამთას ტურები": დატვირთვა თითქმის 100%-ით შემიმცირდა, ქვეყანაში ტურისტები არ არიან

ტურები

„თამთას ტურების“ დამფუძნებელი, თამთა აივაზიშვილი BM.GE-სთან მიმდინარე ტურისტულ სეზონზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაზე დატვირთულ პერიოდში, ფაქტობრივად დატვირთვა არ აქვს.

ტურების დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ტურისტულ სექტორში კრიზისი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების შემდეგ გაღრმავდა და სწორედ ამ პერიოდში, არაერთი ჯავშანი გაუქმდა.

„ძირითადად ევროპელ, ამერიკელ და კანადელ ტურისტებზე ვმუშაობ. თავიდანვე, კატეგორიული უარი ვთქვი რუსი ტურისტების მასპინძლობაზე, რაზედაც ჩემი გარშემომყოფების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მივიღე.

საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა ტურისტული ნაკადების მიმართულებით. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების პერიოდში, რამდენიმე ტური საერთოდ გამიუქმდა. არ ვიცი, საზღვარგარეთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები რა კუთხით შუქდება, მაგრამ ევროპელები ძალიან ფრთხილი ხალხია და პრინციპში, ჩვენც რომ გვინდოდეს დასვენება, არავის მოგვინდება კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფ ქვეყანაში ჩასვლა. ზოგი იმასაც იწერება, თუ რამდენად უსაფრთხოა ჩვენს ქვეყანაში გადაადგილება, უსაფრთხოა თუ არა ქუჩები, ტყვია ხომ არ მოხვდებათ და ა.შ. რაც ძალიან სამწუხაროა.

ევროპაში როდესაც ვმოგზაურობ, სამწუხაროდ, მათ ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ ჩვენ რუსეთის ნაწილი ვართ, უკვირთ, რომ ჩვენი ენა და დამწერლობა გვაქვს. ჩემი სტუმრები, ტურების შემდეგ მაქსიმალურად ცდილობენ ხოლმე ჩვენს შესახებ ინფორმაცია გაავრცელონ და ხშირად სტუმრებსაც მიგზავნიან. ძალიან ბევრი ცნობილი ბლოგერი მყავდა, რომლებმაც ჩვენ შესახებ დაწერეს სტატიები“,- განაცხადა აივაზიშვილმა.

მისი თქმით, ქაოსური და არასტაბილური მდგომარეობა არასახარბიელოა ტურისტული სექტორისთვის. თუმცა, როგორც ის ამბობს, თუ კიდევ რამე არ მოხდა, სექტემბერში პოზიტიურ ძვრებს ელოდება.

ცნობისთვის, „თამთას ტურები“ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით, ჯგუფურ ტურებს სთავაზობს.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები