BMGDrive-ის ეთერში კარდიოქირურგი სულხან ლომინაძე, “კავკასიის მედიცინის ცენტრის” კლინიკური დირექტორი, აღნიშნავს, რომ DRG-ის სისტემის დანერგვის შემდეგ კარდიოქირურგიაში ფასები გადაიხედა და გაიზარდა, თუმცა, სახარჯ მასალებზე ფასების ზრდასთან ერთად, სისტემა მისაღები მაინც არ არის.
“ვიდრე 520-ე დადგენილება სრულად ჩამოყალიბდებოდა, ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტებს საშუალება მისცა, თავად აერჩიათ ექიმი და პალატა, თუ მათ ამის სურვილი ჰქონდათ. პალატისა და ექიმის არჩევას დადგენილება თავდაპირველად ზღუდავდა, ფასები კი მინიმუმზე მინიმუმი იყო, ოპერაციის თვითღირებულებასაც კი ვერ ფარავდა.
DRG-ის პირობებში ეს ფასები შეცვლილია და კარდიოქირურგიაში ამ მიმართულებით წინსვლაა, ფასები იზრდება. მაგრამ არის ინფლაცია, ომები მსოფლიოში, ყველაფერი გაძვირდა: ბოლო 2 თვეში, გასაკერი ძაფის ფასი 140 ლარიდან 260 ლარი გახდა, ხედავთ სხვაობას”, - აღნიშნა ლომინაძემ.
მისი თქმით, DRG სისტემა, საერთაშორისო გამოცდილებით, ამართლებს. თუმცა ამის განმაპირობებელი პაციენტის მხრიდან თანადაფინანსების მოდელია, რაც საქართველოშიც უნდა დაინერგოს.
“DRG სისტემამ ბევრ ქვეყანაში გაამართლა, ევროპაში კლინიკების უმრავლესობა ამ სისტემით ოპერირებს. უბრალოდ იქ პაციენტებს არჩევანის უფლება აქვთ, თუ სურთ ოპერაცია პროფესორმა, კლინიკის ან განყოფილების ხელმძღვანელმა გაუკეთონ, ამის ღირებულებას კერძო დაზღვევა ფარავს, ან თავად პაციენტი იხდის ჯიბიდან. ეს თანადაფინანსების მოდელია, რომელიც, ვფიქრობ, არანაირად არ აკნინებს DRG სისტემას, რომ საქართველოშიც დაინერგოს. პაციენტს არავინ ავალდებულებს კონკრეტული ექიმი აირჩიოს, ან სასურველ პალატაში მოხვდეს, ეს მხოლოდ პაციენტის გადასაწყვეტია. კარგი იქნება, თუ შევიმუშავებთ წინაპირობას, რითაც პაციენტიც კმაყოფილი იქნება, ექიმიც და სახელმწიფოც”, - განაცხადა სულხან ლომინაძემ.
2022 წლის ნოემბრიდან სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებს ანაზღაურებას DRG სისტემის მიხედვით უხდის. DRG, იგივე დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების, დაფინანსების მოდელი სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომი ფასების განსაზღვრასა და პაციენტების თანაგადახდის შემცირებას ითვალისწინებს.