იურისტი და “ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს” მმართველი პარტნიორი აცხადებს, რომ საქართველოში ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მნიშვნელოვნად აზარალებს.
როგორც ზვიად კორძაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, აშშ-ის მიერ გამოცხადებული სავიზო შეზღუდვები დიდი ალბათობით დასავლეთის სანქციების მხოლოდ ნაწილია და თუკი „ქართული ოცნება“ ე.წ. რუსულ კანონზე უარს არ იტყვის, მოსალოდნელია, რომ სანქციები არაერთი მიმართულებით დაწესდება.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდება. შესაბამისად, იურისტი მმართველ გუნდს მოუწოდებს, უარი თქვას ე.წ. რუსულ კანონის ამოქმედებაზე.
„ეს სანქციები არაა ის საბოლოო შეზღუდვები, რაც შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს, ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის პირებისთვის არაა ცუდი, ეს მთლიანად ქვეყნისთვის იქნება ცუდი. ამიტომ სანამ დროა, ეს კანონი უნდა დავივიწყოთ.
რაც შეეხება ბიზნესის რეაქციას, პირველი რეაგირება მიმდინარე მოვლენებზე ესაა დაძაბულობა ინვესტორებში. რატომ შეიძლება ევროპულ ან ამერიკულ ბიზნესს ისეთ ქვეყანაში მოუნდეს აქტიურობა, რომლის მმართველი, თანამდებობის პირები სანქციების ქვეშ არიან? ეს ხომ არალოგიკურია, რომ იმ ბიზნესმენს, რომლის ქვეყანამაც, საქართველოს თანამდებობის პირებს სანქციები დაადო, აქ რაიმე აქტიურობა მოუნდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელი, ევროპელი, დასავლელი ინვესტორები აქ არ გამოიხედავენ და გამოიხედავენ სხვა ინვესტორები, რომელთა აქტიურობასაც ჩვენ ამ ბოლო დროს ვხედავთ. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ კანონის საკითხი არაა და აქ საკმაოდ სერიოზული გეოპოლიტიკური ჭიდილი მიმდინარეობს.
ჩვენ მიბმული ვართ და ვისწრაფოდით ევროპული ბაზრებისკენ, შესაბამისი სავალუტო და საბანკო სისტემებისკენ. ნებისმიერი შეზღუდვები, რომლებიც შეიძლება დაწესდეს ამ კუთხით ისეთი პატარა ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის როგორიც ჩვენ ვართ, იქნება არათუ ხელისშემშლელი, არამედ დამღუპველი. თუკი დიდი ქვეყნების შემთხვევაში დიდი დრო სჭირდება რომ დაეტყოს, ჩვენ შემთხვევაში ეს მყისიერი იქნება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ შედეგის გამოსწორებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.
ცნობისთვის, აშშ საქართველოში დემოკრატიის გაუარესებისა და ე.წ. რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით სავიზო სანქციებს აწესებს. როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, შეზღუდვის ახალი პოლიტიკა იმ პირების მიმართ გამოიყენება, რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში.