მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თანამშრომლობის ეს მოდელი ჩვენი ქვეყნის ავიაციის სექტორს თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს" - თეა ზაქარაძე

თეა ზაქარაძე
06.03.24 17:00
1183

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ბერლინში, მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში - ITB BERLIN 2024 მონაწილეობს. საქართველოს ორი საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში ფრენების დაწყების შესახებ მოლაპარაკებებს მართავს გამოფენაში მონაწილე მსხვილი ავიაკომპანიების პირველ პირებთან.

საქართველოში აეროპორტების განვითარებაზე, ავიაციის სფეროში TAV Georgia-ს ცოდნასა და გამოცდილებაზე, ასევე მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.

- ქალბატონო თეა, გუშინ გაიმართა ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის 2023 წლის ანგარიშის პრეზენტაცია და პრემიერმა განსაკუთრებული აქცენტები გააკეთა ავიაციისა და აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. რა გზავნილი მიიღო თქვენი აზრით, გუშინ ავიაციის სექტორმა?

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს - რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ამ მიმართულებით არსებული მდგრადი განვითარება. ახალი პრემიერისგან ასეთი მკაფიო აქცენტის გაკეთება ავიაციის, როგორც ძალიან დიდი და ფასეული ინდუსტრიის როლზე, პირადად ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც ავიაციის ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ინდუსტრია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ყველანაირი მიმართულებით ქვეყნის განვითარებასთან, მათ შორის ინვესტიციების, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ხალხთაშორისი თუ კულტურული კავშირების თვალსაზრისით.

ვფიქრობ, ძალიან პოზიტიური აქცენტები გაკეთდა პრემიერის მხრიდან ავიაციის, როგორც ინდუსტრიის მნიშვნელობაზე, რაც უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნის პირველი პირისგან ასეთი პოზიტიური გზავნილი განსაკუთრებით მისასალმებელია. ამას ვამბობ, როგორც ავიაციის ინდუსტრიის წარმომადგენელი და საქართველოს ორი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური მენეჯერი.

- აქცენტი გაკეთდა ქვეყანაში აეროპორტების მოდერნიზაციასა და მოქმედი საერთაშორისო აეროპორტების ინფრასტრუქტურის განახლებაზე...

მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე წელია TAV Airports ჰოლდინგის უმსხვილესი აქციონერი გახდა ფრანგული ლიდერი კომპანია Groupe ADP და 2017 წლიდან მის მფლობელობაში ჰოლდინგის 46%-იანი წილია. დღეს უკვე იმ ეტაპზე ვართ, როდესაც კომპანიის მენეჯმენტი ADP_ჯგუფისგან ხორციელდება. ნათელი რომ იყოს, რაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვახსენებთ ADP_ჯგუფს - ეს არის აეროპორტების მართვის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი გიგანტი ფრანგული ჰოლდინგი - პარიზის შარლ დე გოლის, ორლისა და ლე ბურჟეს აეროპორტების მფლობელი კომპანია, წარმოდგენილი მსოფლიოს არაერთი ქვეყნის აეროპორტში, უზარმაზარი გამოცდილებით, რესურსებით, შესაძლებლობებითა და კომპეტენციით.

ფრანგული მენეჯმენტის გააქტიურების შემდეგ, ADP-თან პარტნიორობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმა, ე.წ მასტერპლანი შეიქმნა, რომელიც მომდევნო 20 წლის განმავლობაში ქვეყნის მთავარი აეროპორტის განვითარების კომპლექსურ ხედვას მოიცავს. ბუნებრივია, სახელმწიფო წყვეტს, როგორ განვითარდება ქვეყნის აეროპორტები, მაგრამ უნდა აღნიშნოს, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული ძალისხმევა გავწიეთ როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების განვითარების გენერალური გეგმების მომზადების პროცესში. ეს დოკუმენტები კომპლექსურ ხედვებს და კონკრეტულ, ეტაპობრივად გაწერილ გეგმებს აერთიანებს, რამდენადაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ამ სფეროში არსებულ რეალობას, საქართველოს სპეციფიკას, გვაქვს ამ კუთხით მუშაობის მრავალწლიანი ცოდნა და გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

გუშინდელ ღონისძიებაზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდა, რადგან თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასასვლელად ჩვენ მზად ვართ, ამისთვის განვითარების სისტემური გეგმა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობის მოდელი, სადაც ერთის მხრივ სახელმწიფო სწორად ხედავს და აფასებს ავიაციის მნიშვნელობას, სწორად სვამს ამოცანებს, ხოლო მეორეს მხრივ მსოფლიო ლიდერი კომპანია, რომელიც თავისი გამოცდილებით, ცოდნით და რესურსებითაა მობილიზებული, ჩვენს ქვეყანაში მთელ სექტორს თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

- ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის ანგარიშის პრეზენტაციისას საუბარი იყო თელავის აეროპორტის განვითარებაზე, რომელიც თავდაპირველად შიდა ფრენებზე იქნება ორიენტირებული. შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ TAV-თან არსებული ხელშეკრულება წარმოადგენს წინაღობას იმისა, რომ თელავის აეროპორტი საერთაშორისო მნიშვნელობის იყოს...

დიდი მადლობა ამ კითხვისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ კარგად ავხსნა ეს საკითხი. საქართველოს აქვს 3 საერთაშორისო აეროპორტი. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ჩვენს მართვაშია, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, თუმცა იქ არსებული მართვის სისტემისა თუ ტექნიკური საკითხების აწყობაში ჩვენს მენეჯმენტს დიდი როლი აქვს შესრულებული. მაქსიმალურად ვიდექით სახელმწიფოს გვერდით, მათ შორის, საკადრო რესურსით ვაძლიერებდით. ქუთაისის აეროპორტი მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელია ქვეყნისთვის, მოქალაქეებისთვის.

თელავის აეროპორტის საერთაშორისო სტატუსის საკითხი, ბუნებრივია, ქვეყნის ხელმძღვანელობის დონეზეა გადასაწყვეტი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ერთი რამ - ჩვენ მზად ვართ, თელავის აეროპორტის შემთხვევაშიც, ქუთაისის მსგავსად, მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ სახელმწიფოს ცოდნით, გამოცდილებით, კავშირებით, როგორი მოდელითაც არ უნდა განავითაროს ის. ამ შემთხვევაში, ეს უკვე იქნება ADP_ჯგუფის გვერდით დგომა, რაც ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანია.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ თემაზე ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა. თუმცა თუ სახელმწიფო ჩათვლის, რომ არსებობს საჭიროება, თელავის აეროპორტიც იყოს საერთაშორისო, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკითხი და გადავხედოთ ხელშეკრულების იმ პუნქტს, რომელიც გარკვეულ რადიუსში საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას ზღუდავს და არათუ ხელის შემშლელი არ ვიქნებით, პირიქით, მაქსიმალურად დავუდგებით გვერდით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მსგავსი კომუნიკაცია არ შემდგარა, მაგრამ თუ ასეთი საჭიროება იქნება, ჩვენი მხრიდან არსებობს ამ პუნქტის გადახედვის მზადყოფნა.

- თქვენ ახლა იმყოფებით ბერლინში ITB Berlin-ზე, მანამდე მალაიზიაში მონაწილეობდით Routes Asia-ში. რა შეგიძლიათ გვითხრათ გამართული მოლაპარაკებების და შედეგების შესახებ?

დიახ, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები წარმოდგენილია ტურიზმის სფეროში მსოფლიოს უმსხვილეს გამოფენაზე, რომელსაც ტრადიციულად, ყოველწლიურად ბერლინი მასპინძლობს. ჩვენ გვაქვს შეხვედრები საკმაოდ მსხვილ, ცნობილ ავიაკომპანიებთან, რათა ისინი დავაინტერესოთ საქართველოს ბაზრით. მოლაპარაკებების მთავარი თემა თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ფრენების დაწყებაა, ვინაიდან რაც უფრო მეტი პირდაპირი, ე.წ point to point ფრენა სრულდება აეროპორტიდან, მით უფრო კონკურენტული და საინტერესოა ის.

საავიაციო სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ფორუმია Routes Asia, რომელიც ცოტა ხნის წინ მალაიზიაში გაიმართა. სამი დღის განმავლობაში, ფორუმის ფარგლებში, საკმაოდ წარმატებული მოლაპარაკებები გვქონდა 20-ზე მეტ უმსხვილეს აზიურ ავიაკომპანიასთან, რომელთა შედეგებს, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის სახით ვიხილავთ. ფრანგული მენეჯმენტი, მრავალწლიანი გამოცდილება და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ძლიერი კავშირები გვაძლევს კონკურენტულ უპირატესობას სხვა მოთამაშეებთან დამოკიდებულებაში, რაც საინტერესო და მიმზიდველია ახალი ავიაკომპანიებისთვის.

მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, რაშიც აეროპორტს, როგორც ქვეყნის ერთგვარ კარიბჭეს, თავისი განსაკუთრებული როლი აქვს. ქვეყნის ორი აეროპორტის ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა არა მარტო ჩვენი სერვისების და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, არამედ ჩვენი ქვეყნის ავიაციის .და ტურიზმის გაძლიერებას ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები