"ეს თანხები საკმაოდ მცირეა და მათივე პროგრამების განხორციელებას და სტაფის მომსახურებას ხმარდება", - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა დასავლეთის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერების შესახებ დასმულ კითხვას.
"ერთ რამეს ვიტყვი - სამწუხაროდ, ეს დახმარებები ძირითადად მათ აქ ყოფნას ემსახურება და მას პირდაპირი გავლენა ჩვენს მოქალაქეებზე, მთავრობის ფუნქციონირებაზე ან პენსიაზე, ხელფასზე, ჯანდაცვაზე, თავდაცვასა თუ ნებისმიერ სხვა მიმართულებაზე არ აქვს", - განაცხადა "ოცნების" დეპუტატმა.
ქადაგიშვილის თქმითვე, "ეს არის მცდელობა იმისა, რომ მოსახლეობა არჩევნების წინ შანტაჟის ქვეშ ამყოფონ და რამენაირად „ლელოსნაირ“ და „ნაციონალური მოძრაობის" მსგავს პარტიებს სპეკულაციისთვის სასიცოცხლო ჟანგბადი მიაწოდონ". მისი თქმით, ქვეყანა ამ გაუგებრობას გადალახავს.
"საპარლამენტო არჩევნებისა და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ვითარება ნორმალიზაციისკენ წავა", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ესპანურ გამოცემა Europa Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ EU საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების საკითხს განიხილავს. ამასთან, ევროკავშირმა „ევროპის მშვიდობის ფონდიდან“ საქართველოსთვის 30 მლნ ევროს მოცულობის დახმარების გაყინვის შესახებ უკვე განაცხადა.